მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ აბიტურიენტს covid-19 გამოუვლინდა, ეროვნულ გამოცდებს 2 კვირის შემდეგ ჩააბარებს

60c875ed34edc
თათია ჩაფიჩაძე
15.06.21 13:38
547
პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში არაუგვიანეს 2 კვირისა ჩაუტარებს. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.

აღნიშნულ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის საგამოცდო რეგულაციებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ 1 ივლისს ტრადიციულად იწყება საგამოცდო პროცესი, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა.

არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება.

გამოცდაზე მისულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენას შეძლებენ.

თავის მხრივ, სოფო გორგოძემ განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები.

სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არა აქვთ დადასტურებული Covid 19.

თავის მხრივ, პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის გავრცელდება.