მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ სვლა, პანდემია საქართველოში 2023 წელს დასრულდება“ - ივანე ჩხაიძე

60f1e35e561d1
თამთა ჯიჯავაძე
16.07.21 23:48
729
როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია? ამ შეკითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ უპასუხა. მისი თქმით, პანდემია განსხვავებულ დროს დასრულდება სხვადასხვა ქვეყანაში.

როგორც ჩხაიძემ განაცხადა, პანდემია ძალიან ადრე დასრულდება ისრაელში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. რაც შეეხება საქართველოს, თუ ჩვენ ამჟამინდელი ტემპებით გავაგრძელეთ სვლა, პანდემია საქართველოში 2023 წელს დასრულდება.

„დღიურად 8000 ადამიანის აცრა ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ წელიწადზე მეტი ვიცხოვრებთ ამ პირობებში. პანდემიის დასრულება ჯადოსნურად ერთდროულად მთელ მსოფლიოში არ მოხდება. ამის უკან დგას ყველა ქვეყნის ძალისხმევა აცრას მოსახლეობის მინიმუმ 60%“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ხოლო შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება საქართველომ შეძლოს წლის ბოლომდე გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60% აცრას, ჩხაიძემ განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მე მგონია რომ ეს გეგმა შესრულდება მედიის აქტიური ჩარევის წყალობით. მხოლოდ სამედიცინო სისტემამ მოახერხოს მოსახლეობის დარწმუნება, რთულია. საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაც.

ევროკავშირის კვლევა, რომელიც 14 ივლისს გამოქვეყნდა მიუთითებს, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, ყველაზე მაღალია ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სოციალური ქსელებიდან. სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად გარანტირებული უარის თქმას ნიშნავს ვაქცინაციაზე.

ეს ევროკავშირის კვლევაა. ჩვენთან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას იღებს მეზობლისგან, მეგობრისგან და სოციალური ქსელისგან. თუ ჩვენ ყველა ადამიანთან მივიტანთ ინფორმაციას, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მივაღწევთ ეროვნული გეგმით დასახულ მიზანს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაცია საქართველოში მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. 16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა. სრულად აცრილია 126 171 ადამიანი.