მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ამ ტემპით წავედით, ეკონომიკური აქტივობები იქნება იმაზე მალე, ვიდრე წარმოგვედგინა - მინისტრი

5ea2ef690bb35
ნინი ლონგურაშვილი
24.04.20 17:52
929
"ჩვენ დაბალი ვალის ნიშნულით დავიწყეთ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ამ კრიზისიდან ისე გამოვიდეთ, რომ არ ვიყოთ ისეთ ვალებში, როგორშიც ბევრი ევროპული ქვეყანაა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ვსაუბრობთ 1,5 მლრდ დოლარზე, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვიზიდავთ ჩვენი პარტნიორებისგან. რასაკვირველია, ეს გაზრდის ჩვენს ვალს, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - ერთი, რომ ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, მშპ-სთან მიმართებით დაბალი ვალის ნიშნულით დავიწყეთ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ამ კრიზისიდან ისე გამოვიდეთ, რომ არ ვიყოთ ისეთ ვალში, როგორშიც ბევრი ევროპული ქვეყანაა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის 100%-ს და შემთხვევებია, რომ 100%-ზე მეტსაც აჭარბებენ. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, განვაგრძოთ შემდგომ წლებში მდგრადი განვითარება, შევძლოთ დამატებითი სახსრების მოზიდვა, რა თქმა უნდა, პოსტკრიზისულ პერიოდზე ვსაუბრობ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ თუ იმ ტემპით წავედით, როგორი ტემპითაც ახლა მივდივართ, თქვენ ხედავთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ფაქტობრივად გარდატეხა მოხდა ვირუსის გავრცელებაში, შეგვიძლია, ისეთ დაბალ ტემპებს მივაღწიოთ, რომ იმ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც დღეს პრემიერმა წარადგინა, იმ ტემპით რა ტემპებშიც ნაგულისხმებია, იდეალურ პერიოდში განვახორციელოთ. ეს ნიშნავს, რომ აღდგენა შიდა ეკონომიკური აქტივობების იქნება იმაზე მალე, ვიდრე წარმოგვედგინა მანამდე და იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა", - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.