მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ არ იქნა მაქსიმალური კოორდინაცია, დესპანს გაუჭირდება შედეგების დადება” – გიორგი კაჭარავა

5f11d9edbbac0
ნინი ლონგურაშვილი
17.07.20 23:00
1113
კანონპროექტი, რომელიც „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით დაამტკიცა. დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება კომერციული ატაშეს ნაცვლად დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს.

“საქმიანი დილის” ეთერში “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი კაჭარავამ ამ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემამ ერთობლიობაში უნდა იფუნქციონიროს.

“ვფიქრობთ, ერთმნიშვნელოვნად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დესპანის დონემდე აწევა, ეს განსაკუთრებით დაეხმარება მას, რომ იმუშაოს ეკონომიკურ საკითხებზე, მითუმეტეს თუ მას ექნება იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე იმუშაოს, რაც საელჩოებში ძირითადად იშვიათობაა ხოლმე. ვფიქრობთ, შედეგები უნდა იყოს გაცილებით მაღალი. გარდა ამისა, სისტემამ მთლიანად უნდა იფუნქციონიროს ერთობლიობაში, ეს უნდა იყოს საგარეოს ხაზის გავლით და კოორდინირებული მუშაობით, არამარტო ეკონომიკის სამინისტორსთან, არამედ სხვა ეკონომიკური მიმართულებების სამინისტროებთან, მათ შორის ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

იმ შემთხვევაში თუ ეს პირი, ანუ დესპანი არ იქნა კარგად მომარაგებული ქართული მხარის მიერ, მაშინ მას ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. ეკონომიკურმა დესპანმა უნდა იმუშაოს ერთ გუნდად საელჩოში და უნდა დაექვემდებაროს ელჩს, ზოგადი თანამშრომლობის საკითხებში, იმიტომ რომ ნებისმიერი შედეგი საელჩოში უნდა დაიდოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სწორ სტრუქტურასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ იქნა მაქსიმალური კოორდინაცია და მხარდაჭერა, მას გაუჭირდება შედეგების დადება.

პირველ რიგში გამოსასწორებელია და საფიქრალი, თუ რა დადებითი შედეგები უნდა დაიდოს ქვეყანაში, რას ვთავაზობთ უცხოელებს დამატებით, რომ მათ თავი მაქსიმალურად კომფორტულ მდგომარეობაში იგრძნონ. ეს იქნება ის მძლავრი იარაღი დესპანების ხელში, რომლებიც მაქსიმალურად ორიენტირებულნი იქნებიან შედეგებზე", – აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.

შეგახსენებთ, კომერციული ატაშეს ინსტიტუტი კანონის დონეზე 2016 წელს შემოვიდა. კომერციული ატაშე უნდა დანიშნულიყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით ინსტიტუტის ძირითადი მიზანი იყო, უცხო სახელმწიფოში სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოედგინა ქვეყანა.