22.ივლისი .2021 18:14

„თუ ბანკი ასე არ მოიქცევა, წესებს დაარღვევს“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

„თუ ბანკი ასე არ მოიქცევა, წესებს დაარღვევს“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
views 809
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ადასტურებს, რომ საქართველოს ბაზარზე იდგა გარკვეული პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო სადაზღვევო კომპანიებთან და ბანკებთან. საუბარია იმ სადაზღვევოებისა და ბანკების პარტნიორულ ურთიერთობაზე, რომლებიც აფილირებული არიან ერთმანეთთან. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ამას მოაგვარებს. ამ საკითხზე გვენეტაძემ პარლამენტში სებ-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, როცა შესაბამისი კითხვა დეპუტატმა დაუსვა. უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი დაინტერესდა, არსებობს თუ არა ბაზარზე მონოპოლიის პრობლემა იმ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რომლებიც ამა თუ იმ ბანკთან არიან აფილირებული. 

„დიახ, იყო ეს პრობლემა. ჩვენ შევნიშნეთ, რომ სესხების გაცემის დროს ეს ხდებოდა- კომერციულ ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს ავტომატურად სთავაზობდნენ სადაზღვევო პროდუქტებს. საკმაოდ დიდი მუშაობა ჩატარდა ამ მიმართულებით და წესები შეიცვალა. 1-ელი ივნისიდან დავნერგეთ კონკურენციის ჩარჩო და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებმა უნდა მოგვმართონ, რაზეც რეაგირება გვექნება.

თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბანკებმა ამ პერიოდიდან დაიწყეს სამი სადაზღვევო კომპანიის შეთავაზება კლიენტებისთვის. თუ ბანკი ასე არ მოიქცევა, ეს იქნება წესების დარღვევა. ეს გადაწყვეტილება 1 ივნისიდან შევიდა ძალაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ შევისწავლით, თუ რა შედეგები აქვს ამ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი არსებობდა, მივიღეთ ზომები და კონსულტაციებიც გავმართეთ. გვინდოდა გლობალური გამოცდილება გაგვეზიარებინა და მსოფლიო ბანკი დაგვეხმარა კონსულტაციაში. ვფიქრობთ, ეს არის სწორი მიმართულება და ამან უნდა შეამციროს მსგავსი დამოკიდებულება საბანკო და სადაზღვევო სექტორებს შორის“, - ამბობს კობა გვენეტაძე.

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. 2017 წლის ბოლოს კი პარლამენტმა ისევ მიიღო კანონი „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ კანონი“, რითაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა ასევე აეკრძალათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა