15.სექტემბერი .2021 14:45

თუ ბაზარზე "დელტა ტექსტილის" კონკურენტი გამოჩნდება, შევაჯიბრებთ - მინისტრი

თუ ბაზარზე "დელტა ტექსტილის" კონკურენტი გამოჩნდება, შევაჯიბრებთ - მინისტრი
views 964
უკან

ყოფილი თავდაცვის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხედვა - „საკუთარი სამკერვალო ჯარს“ - ძალაშია. შპს „დელტა ტექსტილი“ ერთადერთი სამკერვალო ფაბრიკაა, რომელიც სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ 2020 წლის აგვისტოში დააფუძნა და ქართული ჯარისთვის ფორმებს კერავს. ღარიბაშვილი 2020 წელსაც აცხადებდა და დღესაც იგივე პოზიციაზეა, რომ „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე, წლების განმავლობაში ხარისხის და მოწოდების პრობლემა  იყო, რაც უკვე მთლიანად აღმოფხვრილია. სახელმწიფო სამკერვალოს შექმნის თემაზე BM.GE გასულ წელსაც წერდა

იმ ფონზე, როდესაც მთავრობას გაცხადებული აქვს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და სხვათა შორის გამოცხადებული იყო აუქციონი სამკერვალო შპს „დემეტრე 96“-ის პრივატიზაციის მიზნით, რომელიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებსაც ასრულებდა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რატომ დადგა დღის წესრიგში ჯარისთვის საკუთარი ფაბრიკის ყიდვა და ამ მიზნით სახელმწიფო სამკერვალოს დაფუძნება, ასევე საწარმოს ამოქმედების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ რა თანხა დაზოგა ფორმების შეკერვაზე და კერძო კომპანიებს რამდენად ექნებათ შესაძლებლობა, ფორმების შესაკერად ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. ამ კითხვებით BM.GE-მ დღეს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართა:

- ჩვენ ორინეტირებული ვართ ხარისხზე და ადგილობრივი პროდუქციით ჯარის უწყვეტი მომარაგება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც უზრუნველვყოფთ კიდეც. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო ასიგნებებიდან არც ერთი ლარი არ დაგვიხარჯავს. ჩვენ დავაფინანსეთ კომერციული სესხით და ამას ისტუმრებს საწარმო. საწარმოს სიმძლავრეებისთვის ავიღეთ, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარი, რასაც ემსახურება თავად საწარმო, თავისი ხელშეკრულებებით. ასევე  გასათვალისწინებელია, რომ სამკერვალო ქარხანას გააჩნია ძალიან დიდი პერსპექტივა გავიდეს უცხო ქვეყნების ბაზრებზე.

აქ დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი და მონაწილეობას იღებს მშპ-ის შექმნაში. რაც შეეხება კონკურენციას, თუ ბაზარზე იქნება პრეცედენტი და გვეყოლება ანალოგიური ხარისხის მომწოდებელი, რა თქმა უნდა, დავინტერესდებით, შევაჯიბრებთ, შევადარებთ. კონკურენციის ყველა პრინციპს დავიცავთ.

- "დემეტრე 96" იყო ასეთი სახელმწიფო საწარმო, რომელიც ჯარისთვის ფორმებს კერავდა, თუმცა ფინანსურად წამგებიანი იყო და დღეს აუქციონზე იყიდება. რა გარანტია გაქვთ, რომ „დელტა ტექსტილსაც" იგივე ბედი არ ელის ანუ სახელმწიფო რამდენად ეფექტიანად მართავს ამ საწარმოს?

- მე არ შევდივარ თქვენ მიერ დასახელებული საწარმოს კერძო მენეჯერების კომპეტენციაში; იქ ნამდვილად არსებობდა მენეჯმენტი. კარგი მაგალითი მოიყვანეთ, თუ როგორ შეიძლება იყოს წარუმატებელი საწარმო, არაკომპეტენტური სახელმწიფო მოხელეების ხელში და როგორ შეიძლება იყოს წარმატებული საწარმო, კომპეტენტური საჯარო მოხელეების ხელში.

- რამდენად საკმარისია რესურსი ქართული ძალების სრული შემადგენლობის აღჭურვისთვის და რამდენად ახერხებს საწარმო ამას?

- თავდაცვის ძალების მთელი შემადგენლობა უკვე აღჭურვილია სრულად. მინდა გამოვეხმაურო იმ ნარატივს, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები სათანადოდ აღჭურვილი არ არის. ეს სიცრუეა, ჯარი უკვე აღჭურვილია არაერთი ჩვენი ნაწარმით და რა თქმა უნდა, სრულად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა