27.მაისი .2020 13:38

თუ ბინის ყიდვას გეგმავთ, მთავრობა იპოთეკურ სესხს წლის ბოლომდე დაგისუბსიდირებთ

views 9813
უკან

მთავრობა მოქალაქეებს ახალ იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთ-ერთი სექტორი, რომელმაც სერიოზული ზარალი მიიღო, არის დეველოპმენტი და მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც შეეხება როგორც კომპანიებს, ისე მოქალაქეებს, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ, ან ამ პროცესში შესული არიან, პირველადი შენატანი აქვთ გაკეთებული ან უკვე დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინს გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და წლის ბოლომდე მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ყველაფერი კეთდება, რომ არ მოხდეს იმ კრიზისის გამეორება, რაც მოხდა 2008 წელს და რისი კვალიც არის ქალაქში. რამდენი ვიბრძოლეთ, დღგ-ის შეღავათი დავუწესეთ 2008 წლამდე დაწყებულ მშენებლობებს, მერიამ მიიღო გადაწყვეტილებები კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, გამოიყოფა დამატებით 150 მლნ ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ლტოლვილების
ბინებით უზრუნველყოფა. გახარიას შეფასებით, ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, რომ არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წელს, როცა უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ გადახდილი ბინებისთვის და დღესაც ქუჩაშია ხალხი დარჩენილი.

პრემიერს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა