მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ბიზნესის ჭკუაზე ვერ დავქოქეთ რაღაცეები, ისევ ვიჩანჩალებთ“ - ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

61cee5f239570
თელარა გელანტია
31.12.21 15:13
1862
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი 2021 წლის შედეგებით კმაყოფილია და 2022 წელზეც პოზიტიური მოლოდინები აქვს, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე ეკონომიკის აღდგენას და ბიზნესთან კომუნიკაციას. „თუ მომავალი წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ჭკუაზე ვერ დავქოქეთ რაღაცეები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაჭირდება და ისევ ვიჩანჩალებთ“, - ამბობს ბიზნესმენი bm.ge-სთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში.

- 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ვხურავთ, მაგრამ გვაქვს რეკორდული, ორნიშნა ინფლაციაც; ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 40% და როგორც ჩანს, 2022 წელსაც პანდემიის წესებით მოგვიწევს ცხოვრება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2021-ს რამდენად შეიძლება ეწოდოს პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის წელი?

- ვფიქრობ, 2021 წელი ძალიან კარგი იყო. ეს ეტყობა როგორც ბანკების, ისე კომპანიების საბალანსო უწყისებს. ჯამში, ყველასთვის ნორმალური წელი გამოვიდა.

- წლევანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაინც ზამბარის ეფექტის შედეგი ხომ არაა - 2020 წელს იყო „ლოქდაუნები“ და წელს დაიწყო ეკონომიკის გახსნა; თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგ წლებში მთავრობა 5-6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

- ყველაფერი ჩვენს ხელშია. როგორც მოვიქცევით ხელისუფალნი და ჩვენ, ისეთი იქნება ზრდაც. შემდეგი ათი წელი საქართველოს შეიძლება სულ ჰქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა; პოტენციალი დიდია, გააჩნია ამას როგორ გამოვიყენებთ. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული ბანკია. ხედავთ, რომ კორპორაციული დაკრედიტების წილი მთლიან დაკრედიტებაში მცირეა. საპროცენტო განაკვეთებს კი ბანკები ვერ ამცირებენ, რადგან კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერი, რომელსაც მარეგულირებელი მათგან ითხოვს, ზედმეტად მკაცრია და არასაჭირო. სტატისტიკას რომ შეხედოთ, სამომხმარებლო დაკრედიტება მნიშვნელოვნად აღემატება კორპორაციულ დაკრედიტებას... ესაა მისი საზრუნავი, პირველ რიგში. როგორც ვეუბნებოდით, ინფლაციას ვერ დაიჭერთქო, ვერ დაიჭირა ანუ მთავარი ამოცანა შეუსრულებელია. ბიზნესსაც ისევ გაძვირებული სესხი რჩება.

- სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ინფლაცია მარტო საქართველოს პრობლემა არაა...

- ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, კატაკლიზმები თუ კარგი სიტუაციები მსოფლიოში სულ არის და ჩვენც სულ ნაფოტივით ტალღებს ვეთამაშებით და ვართ ზემოთ. საბედნიეროდ, არ ვიძირებით, რადგან პატარა ვართ და ზოგადად, გლობალურს ნუ მიაწერთ ყველაფერს. ჩვენი ლარი მყარია და ადრე ამბობდნენ, თურქული ლირა თუ უფასურდება, ლარიც უნდა მიჰყვესო, უნდა გავიქცეთ და დავეწიოთო... ხედავთ ლირის მსყიდველუნარიანობა შემცირდა ორჯერ და ჩვენი ვალუტა, პირიქით, გამყარდა და რა შეიცვალა?!

- ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით რომ გიპასუხოთ, ლირის გაუფასურება სხვა სავაჭრო პარტნიორების ვალუტების სიმყარით ბალანსდება, ამიტომ არ ეტყობა ლარს თურქეთის ეროვნული ვალუტის რყევები...

- მიზეზი არ ილევა. საქმეს ვერ ვაკეთებთ. ეს არის პრობლემა. ჩქარი ტემპით წინ ვერ მივდივართ.

- მთლიან დაკრედიტებაში კორპორაციული დაკრედიტების წილის ზრდის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რა უნდა გაკეთდეს?

- ჩვენი ბიზნესჯგუფის დაკრედიტება 100 მლნ დოლარია; ავიღებდი კიდევ 200 მილიონს და გავაკეთებდი ახალ-ახალ საქმეებს და დამატებით სამუშაო ადგილებს შევქმნიდი, მაგრამ დოლარსა და ევროში ფული ძვირია… სებ-ის პოლიტიკა უნდა იყოს მდგომარეობის ადეკვატური. ის <ეროვნული ბანკის პრეზიდენტი> იტყვის - მე ხომ არ გავაკოტრებ ბანკებს, რისკებს ხომ არ ავუწევო, თუ უნდათ, რომ დააკრედიტონ მეტი ბიზნესი, მოიტანონ ბანკებმა მეტი კაპიტალიო და აბა, მოიტანოს თვითონ, როგორი მოსატანია კაპიტალი ჩვენნაირ ქვეყანაში... მოკლედ, მიზეზი არ ელევათ.

- „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ფორმატში ხომ არ გქონიათ ამ თემებზე საუბარი წევრ კომპანიებთან?

- არა. ჯერ არ გვქონია.

- მთავარი მაინც ისაა, რომ როგორც ამბობთ ხოლმე, ლარის კურსი დაჭერილია...

- მყიფეა ეს დაჭერა, თუ ბიზნესი არ იქნა, არ ამუშავდა... შრომის რესურსი გაედინება საქართველოდან. ევროპის ქვეყნები ხსნიან კარებს და უშვებენ მუშა ხელს, ხომ ხედავთ რაც ხდება. ე.წ. „მწვანე ბარათის“ ლატარიაში საქართველოდან განაცხადები წლიდან წლამდე მზარდია და შარშან 140 000-სს გადააჭარბა. ყველამ უნდა იზრუნოს ამ პროცესის შეჩერებაზე, მათ შორის ეროვნულმა ბანკმა... სამუშაო რესურსის გადინება თუ გაგრძელდა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ როცა შენ დაგჭირდება, არავინ გეყოლება და იქნება კოლაფსი. საბედნიეროდ, ქართველის წესი და ჩვევაა ასეთი, რომ სხვაგან ვერ ხარობს და თუ რამეს დააგროვებს საზღვარგარეთ, უკან ბრუნდება; კიდევ კარგი ასეა.

- ეროვნული ბანკის მოსაგვარებელი საკითხია ეს თუ უფრო მეტად საქართველოს მთავრობის, რომელიც ვერ ქმნის ქვეყანაში სათანადო სტაბილურობას, რომ კერძო სექტორმა გააგრძელოს ინვესტირება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ქვეყანაში შემოვიდნენ ახალი ინვესტორები და ა.შ.

- ბევრია ისეთი ჩინოვნიკი, ვინც ხელს უშლის ბიზნესს და გელაპარაკება, რა ვქნა, კანონში ასე წერიაო და კანონში თუ ასე წერია, შენ რაში მჭირდები, ხელფასს რაში იღებ?! მაშინ მე და კანონი ვიქნებით მარტო და შენი ხელფასის თანხას მაინც დავზოგავ. ხშირად ამას მათ პირდაპირ ვეუბნები.

- ძირითადად, რომელ უწყებებში გხვდებიან ასეთი ჩინოვნიკები?

- თითქმის ყველა სამინისტროში... მე არ შევხვედრილვარ ისეთ ჩინოვნიკს, რომელსაც ეთქვას, კანონით ასეა, მაგრამ ჩამოვალ ადგილზე და საკითხში კარგად გავერკვევიო. გადაწყვეტილებას პირდაპირ კაბინეტებიდან იღებენ. არადა ბევრი კანონია, რომელიც მას ავალდებულებს სხვაგვარად მოქცევას, მათ შორისაა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებები მიიღოს ამ გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამ კანონში წერია, რომ ჩინოვნიკმა კაბინეტიდან არასდროს არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ ადგილზე უნდა ჩავიდეს, ნახოს, გამესაუბროს და თუ არ ესმის საკითხი, ვალდებულია, მოიძიოს ექსპერტი, გადაუხადოს ფული, საქმეში კარგად გაერკვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

- მსგავსი პრობლემები უფრო ადგილობრივ თვითმმართველობებშია თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში?

- ყველგან და ყოველთვის...

- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არ გისაუბრიათ ამ საკითხზე, რომ ადრესატებს უშუალოდ დაავალოს მოგვარება? თქვენ ხომ ამბობთ მასზე, რომ კარადაზე არ დებს თემებსო...

- თვითმმართველობის არჩევნების მერე არ მისაუბრია... ალბათ ახალი წლის შემდეგ ცოტა მაინც დაწყნარდება სიტუაცია და შევხედავთ. 2022 წლის პირველ კვარტალში ცოტა რაღაცეები თუ ვერ დავქოქეთ ჩვენს ჭკუაზე ანუ ბიზნესის გემოზე, გაჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ისევ ვიჩანჩალებთ.

- მთავარი საკითხები რა იქნება, რასაც პრემიერთან უახლოეს შეხვედრაზე დააყენებთ?

- მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს იმის დეკლარირება, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი „ბიზნეს ფრენდლია“ და ეს ტელევიზორში უნდა გამოაცხადოს პრემიერმა. რიგითი პოლიციელით დაწყებული და ჩინოვნიკით დამთავრებული, უნდა იყოს „ბიზნეს ფრენდლი“ ანუ ყოველდღე თავი უნდა გაწიროს ბიზნესის და ეკონომიკის აყვავებისთვის.

- სიტყვიერად პრემიერიც კი ამბობს, რომ პრობიზნესური მთავრობა ვართო, მაგრამ მაგალითები ხშირად ამ სიტყვებს ვერ ამყარებს... როგორი მოლოდინები გაქვთ 2022 წლისთვის?

- მოლოდინები პოზიტიურია... ერთადერთი და ბრწყინვალე მონაპოვარია, რომ სწორი ლარის კურსია და ეს მაინც შეინარჩუნონ...

- და მთავრობა გახდეს უფრო „ბიზნეს-ფრენდლი“?

- დიახ, ეს უნდა იყოს პრემიერის საზრუნავი, რომ რამე არ გაიჭედოს, რამე არ გაჩერდეს, ინვესტორები არ დარჩეს უპასუხოდ, რომელიმე საპრივატიზაციო ობიექტი არ გაიჭედოს... რომელიღაც კანონი ასე ამბობს და უნდა დაგაჯარიმოთო - ბიზნესს რომ ეუბნებიან, ასე არ უნდა მოხდეს; არცერთი ჯარიმა არ უნდა დაიწეროს ჩინოვნიკის მიერ, რომელიც სულელურია და არ შეუსწავლია; ყველა ნებართვა უნდა გაიცეს, რაზეც არავინ იცის, რატომ არ გაიცა... ფრთების დაქნევა უნდა შევძლოთ.

- ადგილობრივი არჩევნები ორი თვის წინ დასრულდა, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისებს დასასრული არ აქვს... ამ სიტუაციაში პრემიერი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკმარის დროს უთმობს ბიზნესთან კომუნიკაციას და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო თემებს?

- სამწუხაროდ, მე მგონია, რომ ვერ უთმობს. ამ პოლიტიკური ბატალიების ბრალი კი არის... ოპოზიციამაც ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცეს მთავრობას...