მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ჩვენი კონკურენტი მეტ უპირატესობას მიაღწევს, კონკურენციას ვეღარ გავუწევთ... ეს დისკრიმინაციაა - გიორგი რამიშვილი

63870c0ce8f6e
მარიამ დემეტრაშვილი
30.11.22 12:02
10158
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტის შეცვლას ითხოვს. გიორგი რამიშვილს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან შენიშვნები აქვს. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რამიშვილმა თქვა, კონკურენტ კომპანიასთან შედარებით, „სილქნეტს“ დისკრიმინაციულ პირობებში უწევს მუშაობა. ამის მიზეზად რამიშვილი 2012 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, „დელტაკომს“ ქალაქის ბოძებზე სრული დაშვება მიენიჭა.

საქმე ის არის, რომ 2016 წელს „დელტაკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი „მაგთიკომი“ გახდა.

„მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეხება პასიურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. მინდა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მივიქციო. 2012 წლის აპრილში თბილისის მერიამ მისთვის სასურველ კომპანიას „დელტაკომს“ ქალაქის ბოძებზე სრული დაშვება მიანიჭა. არ ვიცი, რა დავარქვა ასეთი ფორმით გადაცემას, არანაირი ტენდერი არ გამოცხადებულა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენმა კონკურენტმა შეიძინა ეს კომპანია და მონოპოლია აქვს მერიის ბოძებზე დაშვებაზე“, - თქვა გიორგი რამიშვილმა.

ის პარლამენტს სთხოვს, კანონპროექტის დამტკიცება იმდაგვარი ჩანაწერით მოხდეს, რომ ბაზარზე მონოპოლია სრულად აღმოიფხვრას.

„ჩვენ ახლა სასამართლო დავა გვაქვს მერიასთან. ასევე, აქტიურად ვსაუბრობთ ამ საკითხზე. თქვენ თუ გინდათ, რომ გაკეთდეს 5G, რაც არის ტექნოლოგიური წინსვლა, ეკონომიკის განვითარება, ასეთ ვითარებაში ეს ვერ მოხერხდება. ჩვენ აღარ გვაქვს საშუალება, რომ დავკიდოთ ჩვენი მოწყობილობები. აქედან გამომდინარე, ეს არის დისკრიმინაცია. ჩვენი კონკურენტი კიდევ უფრო მეტ უპირატესობას მიაღწევს, მივიღებთ ძალიან დიდ თავკომბალას და გამორიცხულია, რომ ჩვენ მას კონკურენცია გავუწიოთ. ჩვენ და „ბილაინს“ შანსი აღარ გვექნება, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ახლა არის შანსი, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი ისეთი ჩანაწერით, რომ ეს დარღვევა აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ“, - თქვა გიორგი რამიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტს იხილავს. ცვლილებები, რომლის მიღებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს მოამზადა. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ტელეკომოპერატორებს საშუალება ექნებათ, ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად უკვე არსებული იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, რომელსაც სხვა სფეროში მოქმედი კომპანიები ფლობენ, თუმცა სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოიყენება. ასეთი შეიძლება იყოს როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის, წყლის, ტრანსპორტისა და სხვა სექტორებში მოქმედი კომპანიების პასიური ინფრასტრუქტურა. წარმოდგენილი დოკუმენტის კანონად ქცევის შემდეგ, ტელეკომოპერატორები ახლადაშენებულ მრავალბინიან და მრავალფუნქციური შენობების შიდა ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლებასაც მიიღებენ.