მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ დაზღვეულებისთვის სასწრაფოს მომსახურება ფასიანი იქნება, ეს პაკეტს გააძვირებს - "დაზღვევის კავშირი"

62ed24664b2cc
მარიამ ვარადაშვილი
05.08.22 16:46
1310
18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან წერილი მიიღო, რომლითაც ცენტრი კომპანიებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას სთავაზობს. წერილთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება ჯანდაცვის სამინისტრომაც გააკეთა.

სამინისტროს თანახმად, კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისთან დაკავშირებით. უწყება ასევე ირწმუნება, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა, დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , - განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

"სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე ფიქრობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის ამ სერვისის გაძვირების იდეა არსებობს და სამინისტროს სსიპ-მა ამ წერილით ერთგვარად ნიადაგი მოამზადა.

“სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმძაფრით წინ მოდიოდა საკითხი, რომ დაზღვეულებისთვის სასწრაფო დახმარების სერვისი ფასიანი ყოფილიყო. ამას ეხება წერილიც. წერილში ნათქვამია, რომ ცენტრი სადაზღვევო კომპანიებს ამ ფასად მოემსახურება, თუმცა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომ სასწრაფო დაზღვეულებს მომსახურებაში ფულს მოსთხოვს, ჯერ არ არის. ცენტრი კომპანიებს სთავაზობს, რომ წერილში გაწერილი ფასებით მოემსახურება. მათთან მქონდა კომუნიკაცია და მითხრეს, რომ არაფერი შეცვლილა და მხოლოდ სიტუაცია მოვსინჯეთო. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ცენტრის კერძო ინიციატივა არ გამოდის, თუმცა ცოტა გაურკვეველია თავად ეს წერილი. როგორც გითხარით, ამბობენ, რომ კომპანიებთან ნიადაგი მოსინჯეს. ვიმეორებ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ იქნება და ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია, თუმცა ჩანს, რომ თითქოს ეს არის ჩანაფიქრი”, - აცხადებს ნიკოლაძე.

მისივე თქმით, თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს, მაშინ კერძო სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი პაკეტების გაძვირება მოუწევთ. ეს ასევე ზრდის რისკს, რომ დაზღვეულთა რიცხვი შემცირდეს. 

“ეს საკითხი კომპანიების მიმღეობაზე არ არის დამოკიდებული. თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ პირობითად 2023 წლიდან რომელ პოლისსაც გაყიდით, ყველგან გაითვალისწინეთ სასწრაფოს ფასიანი მომსახურება, სადაზღვევო კომპანიები ხარჯებს დაითვლიან და პრემიას დაამატებენ, თუმცა დააზღვევენ თუ არა იგივე რაოდენობის ადამიანებს, ეს არის საკითხავი. ბუნებრივია, ეს დაზღვეულებზე აისახება. არსებობს რისკი, რომ დაზღვეულთა რაოდენობა შემცირდეს, რადგან სადაზღვევო პაკეტის ფასი გაიზრდება”, - აცხადებს ლაშა ნიკოლძე.