მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ დელივერი კომპანიები არ ითანამშრომლებენ, კონკურენცია ამას დაარეგულირებს“

5fd8d5d3d8d8f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.20 09:45
936
28 ნოემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც მთავრობის მიერ დაწესებული ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვები" რესტორნებსაც შეეხო და მათი საქმიანობა „დელივერი სერვისზე“ დამოკიდებული გახადა, რესტორნების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მიტანის სერვისის კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით არსებული პრობლემები. კერძოდ, რესტორატორები აცხადებდნენ, რომ არსებულ მძიმე ეკონომიკურ რეალობაში, თითქმის სრულად გაჩერებული ობიექტებისთვის „დელივერი“ კომპანიების მიერ მომსახურების გაწევისთვის დაწესებული გადასახადი ძალიან მაღალი იყო და რესტორნებს აღნიშნული სერვისით სარგებლობისას არანაირი მოგება არ რჩებოდათ.

მიტანის განმახორციელებელ კომპანიებთან კომუნიკაციის საკითხი რესტორნების წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრთან გასულ კვირას შემდგარ შეხვედრაზეც დააყენეს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას საქართველოს რესტორნების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ეკონომიკის სამინისტროს შაუმდგომლობით რესტორნებსა და მიტანის კომპანიებს შორის შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგება.

„ეკონომიკის სამინისტროს შუამავლობით, დელივერის სერვისის კომპანიებთან გვექნება შეხვედრა, სადაც ის პრობლემები განიხილება, რასაც სფერო ამ მიმართულებით აწყდება. ეს არის მაღალი ტარიფები 30%-დან 34%-მდე, რომელიც დღეს აქვთ ოპერატორებს და ამ დამძიმებულ მდგომარეობაში პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო მძიმდება“, - განმარტა შოთა ბურჯანაძემ.

კითხვაზე - რა მოლოდინები აქვს სექტორს ამ შეხვედრიდან და წამოვლენ თუ არა „დელივერი“ კომპანიები შეღავათებზე, ასოციაციის ხელმძღვანელს ასეთი პასუხი აქვს: „ჩემი შეხედულება ბიზნესთან დაკავშირებით არის წარმოქმნილი ტარიფების მინიმიმიზირება შესაბამის რეალობასთან კონკურენციის ფარგლებში. ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან და თუ არსებული სუბიექტები არ გადმოვლენ პარტნიორულ ურთიერთობაზე, მაშინ კონკურენცია ამას დაარეგულირებს“.