მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ძალიან გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკა საერთოდ მოკვდება - გვენეტაძე

61bb3eea48459
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.21 17:57
594
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი რეფინანსირების განაკვეთი ძალიან გაიზრდება, ამ შემთხვევაში “ეკონომიკა საერთოდ მოკვდება”. ის ამბობს, რომ სებ-ის მიერ ამ არასწორი ნაბიჯის გადადგმას ინფლაციის კლების ნაცვლად, მისი დამატებითი ზრდა მოყვება.

“იმ შემთხვევაში თუ მონეტარული პოლიტიკის ძალიან გამკაცრება  მოხდება, ეკონომიკა საერთოდ მოკვდება და ამის შემდეგ ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება,” - აცხადებს გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმით, სებ-ი წინმსწრებადაც თუ გაზრდიდა რეფინანსირების განაკვეთს, ესეც ვერ გამოიღებდა სასურველ შედეგს, რადგანაც ეს ნაბიჯი გავლენას ვერ იქონიებდა ისეთ საბაზრო ცვლილებებზე, როგორიცაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა.

“მაკროეკონომიკაში არსებობს პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი ფაქტორები. პროგნოზირებადია ინფლაციის მოლოდინი, არაპროგნოზირებადია პანდემია და მისი გავლენა ეკონომიკაზე. არაპროგნოზირებად ფაქტორებზე წინმსწრები რეაგირება უბრალოდ შეუძლებელია, ეს არანაირ შედეგს არ გამოიწვევს.

მაგალითად, შარშან რომ გაგვემკაცრებინა განაკვეთი, შეიძლება დღეს 12.5%-ის ნაცვლად ინფლაცია 12% ყოფილიყო, თუმცა ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ნავთობის მსოფლიო ფასებზე და ის ისევ გაძვირდებოდა.

სებ-ის სწორი და ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინრედიენტი იმის, რომ საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკურმა გუნდმა მოიზიდა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, რომელიც დაიხარჯა შარშან ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად და რომელიც იხარჯება წელს და ნაწილობრივ შემდეგ წელსაც დაიხარჯება.

ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უშეცდომო მონეტარული პოლიტიკის გარეშე ეს დახმარება ქვეყანაში ვერ მოვიდოდა,” - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

8 დეკემბერს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში რეფინანსირების ყველაზე მაღალი განაკვეთია. მაშინ სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზრდის გადაწყვეტილება მიღებული იყო მზარდი ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე, რადგანაც სებ-ის პროგნოზით, მოლოდინი იმისა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია ჩქარი ტემპით შემცირდებოდა, აღარ გამართლდება და ის უფრო პესიმისტური პროგნოზით შეიცვალა.