მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ IMF ფიქრობს, რომ რაიმეა შესაცვლელი, მერწმუნეთ, იტყვის - გვენეტაძე ლარიზაციის პოლიტიკაზე

6089343b25a59
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.21 14:38
788
საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაქირი მიიჩნევს, რომ ლარიზაცია დღევანდელი მოცემულობის პრიორიტეტი არ არის და თვლის, რომ ხელისუფლებაც ამ საკითხს ასე უყურებს - ასე უპასუხა მან გადაცემა „ანალიტიკაში“ დასმულ შეკითხვას. მისივე თქმით, ლარიზაციის პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ეკონომიკის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება შემცირდეს, თუმცა არსებულ კრიზისულ ვითარებაში ლარიზაციის ფარგლებში ახალი ზომების მიღება მიზანშეწონილი არ არის.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ IMF-ის მუდმივი წარმომადგენლის მოსაზრება სებ-ის პრეზიდენტმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ შეაფასა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფიქრობს, რომ რაიმეა შესაცვლელი, ის ამას იტყვის.

„ძალიან კარგად ვიცი როგორ ლაპარაკობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი; არსად თქმულა, რომ ლარიზაცია არ უნდა იყოს პრიორიტეტი. დღევანდელ სიტუაციაში პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ერთ-ერთმა გათვითცნობიერებულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ პანდემიური მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ის ნაბიჯები, რაც ეროვნულ ბანკს გადაუდგამს, უნდა მოიხსნას - არავითარ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებით, არავითარი შეუსაბამობა არ ყოფილა.

მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი იმ ეტაპზე არაა, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ უთხრას - შენ ეს უნდა გააკეთოო. საკმაოდ კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ძალიან კარგი ანალიტიკური სამსახურები გვაქვს, გამოცდილებაც და ის პირობები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში ჩვენ მიერაა შეთავაზებული და ნამდვილად არ გვჭირდება ვინმეს შეთავაზება და მითითება.

იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფიქრობს, რომ რაიმეა შესაცვლელი, მერწმუნეთ, ის არ გაჩერდება და იტყვის, რომ რაღაც შესაცვლელია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ „დედოლარიზაცია ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია და ეს აუცილებლად გაგრძელდება“.