მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ კანონს ვერ ვასრულებთ, უნდა ვაიძულოთ ბიზნესი რომ შესრულდეს - ნინო ლაცაბიძე

61659c74d95b4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 19:30
1993
საქართველოს პარლამენტის წევრ, რუსთავის მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ურთულესია და საწარმოების მხრიდან ჰაერის დაბინძურების კუთხით კანონით გაწერილი ნორმები არ სრულდა. ამის შესახებ მან აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის ძირითადი პარამეტრები მოისმინეს.

ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ „ატმოსფერული ჰაერის შესახებ კანონში“ გაწერილი წესები არ სრულდება, რაც ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, გარემოსდაცვითი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბიზნესი ამ წესების შესრულება უნდა დაავალდებულოს და უწყების გეგმა არ მიმართულებით ხისტი უნდა იყოს.

„არ ვემხრობი, რომ კანონის აღსრულებისთვის ბიუჯეტიდან ბიზნესი უნდა დავაფინანსოთ, მაგრამ შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც რუსთავში ვითმენთ. თუ კანონი არ აღსრულდა და ამ პროცესის მართვას ვერ ვახერხებთ, მაშინ რაღაც ალტერნატივა უნდა გვქონდეს და ეს ის საკითხია, სადაც სამინისტრო უნდა იყოს ხისტი, თავისი ხისტი გეგმებითა და მიდგომებით. ეს ის საკითხი არ არის, რომელმაც შეიძლება 2-3 თვე 1 წელი მოითმინოს.

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა ურთულესია. იმედი გვქონდა, რომ ამ კანონის მიხედვით ეს პროცესი ნელ-ნელა დაიძვრებოდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ არაფერი ამ მხარეში მცხოვრები ადამიანებისთვის არ შეცვლილა. ამიტომ აუცილებელია სწორი გეგმა, რომელიც ხისტი უნდა იყოს. თუ კანონს ვერ ვასრულებთ, მაშინ უნდა ვაიძულოთ ბიზნესი რომ კანონი შესრულდეს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ცნობისთვის: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა, ბიზნესს სახელმწიფომ რამდენიმე ათეულათასიანი ჯარიმა დააკისრა. ბიზნესი ამბობს, რომ ტექნოლოგიების შეძენის, მათი ტრანსპორტირების და შემდეგ მონტაჟისთვის გონივრული ვადა არ ჰქონდათ, შესაბამისად, ვერც მათზე დაკისრებული ახალი რეგულაცია შეასრულეს. მთავრობა ამბობს, რომ ბიზნესს რეგულაციის დანერგვისთვის გონივრული ვადა ჰქონდა და შესაბამისად, ახლა მათთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული საწარმოები სია საკმაოდ ვრცელია. დადასტურებით ვიცით, რომ რეგულაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს "ჰაიდელბერგ ცემენტს", "ლა ფარჟის" და იმ კომპანიების 99%-ს, რომელთაც დადგენილ ვადებში ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემების მონტაჟი ვერ მოასწრეს.