მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ ლარის დასტაბილურება გაგრძელდა, სექტემბერში პროდუქციის გაიაფებას უნდა ველოდოთ”

60be5904e411e
ანუკა ჯოხაძე
08.06.21 00:20
915
“თუ ლარის დასტაბილურება გაგრძელდა სექტემბერში პროდუქციის გაიაფებას უნდა ველოდოთ”- ამის შესახებ BM.GE-ს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც ჭყონია ამბობს, პირველი კატეგორიის პროდუქციაზე ფასების დასტაბილურება მალე იქნება თვალსაჩინო იმ შემთხვევაში, თუ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა მისი განმარტებით, მეორე და მესამე კატეგორიის პროდუქტების გაიაფებას უფრო დიდი დრო დასჭირდება.

“ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ საკმაოდ დაბალია. 10-ქულიანი სისტემით რომ შევაფასოთ, ალბათ მაქსიმუმ 1.5 ქულას მიიღებს. თუ ლარის კურსის დასტაბილურების ტენდენცია გაგრძელდა სამი თვის განმავლობაში, თუნდაც არჩევნებამდე, ამის შემდეგ უკვე ვიხილავთ შემცირებულ ფასებს. ისეთ კონკურენტულ პროდუქტზე, რომელიც სწრაფად ბრუნვადია მაგალითად შაქარი, ფქვილი ან წიწიბურა, შეიძლება ამ პროდუქტებზე უფრო სწრაფად ვიგრძნოთ ფასების ცვალებადობა. თუმცა მეორე და მესამე კატეგორიის პროდუქციაზე ფასების დასტაბილურებას უფრო დიდი დრო დასჭირდება. ამ პროდუქტებზე მოსახლეობა შვებას მხოლოდ აქციების ხარჯზე ნახავს. თუ ლარის დასტაბილურების ტენდენცია გაგრძელდა, სექტემბერში უნდა ველოდოთ პროდუქციის გაიაფებას”, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ცნობისთვის, მაისში საქართველოში ბოლო წლებში რეკორდულად მაღალი - 7.7%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.

ფასების ყველაზე მაღალი 17.4%-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში იყო, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირებაა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.0 პროცენტი), თევზეული (7.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი).