მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ლარის მერყეობა გაგრძელდა, საწვავი კიდევ გაძვირდება“ - კომპანიების მოლოდინები

5f73476016801
ელენე გოგბერაშვილი
29.09.20 19:40
1510

ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურების გავლენით საწვავზე გაზრდილი ფასები მომხმარებლებმა უკვე იგრძვნეს. მოქალაქეები bm.ge-ისთან ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ქსელებში ნავთობპროდუქტები საშუალოდ 7-8 თეთრით გაძვირდა. ამას ადასტურებს ნავთობიმპორტიორთა კავშირიც. ნავთობკომპანიების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ფასების მატება არა - საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ტრენდმა, არამედ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. ზრდა კი როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ სადგურებზე საშუალოდ 7-8 თეთრია.

“სადაც ყველაზე სწრაფად აისახება ფასების ცვლილება როგორც ზრდის, ასევე, შემცირების მიმართულებით, ეს არის საბითუმო ბაზარი. საბითუმო ბაზარზე დღეისთვის ბენზინი 1.80 ლარი ღირს. სადაც აქამდე არ გაძვირებულა, 7-8 თეთრით ფასების ზრდა ამ კურსის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია. თუ ორი ძირითადი ფაქტორის ცვლილება მოხდა, ვგულისხმობს საერთაშორისო ბაზარზე ფასების და ლარის კურსის ცვლილებას, ეს, რა თქმა უნდა, საწვავის ფასზე გავლენას მოახდენს“, - აცხადებს „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე. 

კომპანიების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ თუ ლარი მერყეობას გააგრძელებს, ნავთობიმპორტიორებს საწვავის გაძვირება ისევ მოუწევთ.

„საწვავის თვითღირებულება კურსის გამო გაიზარდა 5-დან 10 თეთრამდე, სადღაც 7-8 თეთრის შუალედში და იმისთვის, რომ ბაზარი დარჩეს მომგებიანი ან თავი მაინც შეინახონ კომპანიებმა, მოუწევთ, დაახლოებით, 7-8 თეთრით დაკორექტირება.
თუ გაგრძელდა კურსის რადიკალური მერყეობა, საწვავის ფასები კიდევ გაიზრდება“, - აცხადებს „ბიოილის“ გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი.

ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავზე დღეს მოქმედი ფასები განსხვავებულია. მხოლოდ ევრო რეგულარის ღირებულება 1,85 თეთრიდან 2, 12 თეთრამდე მერყეობს.

 



თუ ლარი ბოლო ორი დღის მსგავსად გამყარების ტრენდს შეინარჩუნებს და საერთაშორისო ბაზარზეც ნავთობპროდუქტებზე ფასის მკვეთრი ზრდა არ მოხდება, ქართველი ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ქსელებში საწვავი ისევ არ გაძვირდეს.

ინფორმაციისთვის: 2020 წლის 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 42,43 (+ 0,51) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 40.60 (+ 0.35) დოლარი/ბარელზე.

რაც შეეხება ლარის კურსს, ეროვნული ვალუტა მეორე დღეა დოლარის მიმართ მყარდება.