მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მიგრანტები ქვეყანას დატოვებენ, უძრავ ქონებაზე ფასები დაკორექტირდება - ირინა კვახაძე

63dcb55580d18
მარიამ დემეტრაშვილი
03.02.23 12:02
12594
„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსმა, ირინა კვახაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენციასა და ამ კუთხით, მიგრანტების ეფექტზე ისაუბრა. მისი თქმით, უძრავი ქონების სექტორში ფასების ზრდის 80% მიგრანტებითაა განპირობებული.

„2022 წელს ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მიგრანტები და მათი გავლენა. უძრავი ქონება არის ის სექტორი, სადაც ყველაზე მეტად ვნახეთ მიგრაციის ეფექტი. მნიშვნელოვნად გაიზარდა გაქირავების ფასი. ზრდის ტენდენცია 2022 წლის მაისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ქირასთან ერთად, მალევე გაყიდვის ფასმაც დაიწყო ზრდა. ჩვენი შეფასებით, ზრდის 80% განპირობებულია მიგრაციით.

ახალი ამბავი არ არის, რომ უძრავ ქონებაზე ძირითადი აქტივობა მოდის თბილისზე. შემდეგ მოდის ბათუმი და შემდეგ ნაწილდება სხვა ქალაქებზე. თითქმის არც ერთი უბანი არ დარჩენილა, რომელსაც არ შეეხო მიგრანტების გავლენა. აღსანიშნავია, რომ იმ უბნებში, სადაც ფასი იყო მნიშვნელოვნად დაბალი (მაგ: ვარკეთილი, ვაზისუბანი), გაცილებით მაღალია გასაყიდი ფასის ზრდის მაჩვენებელი. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ გადანაწილდა პერიფერიულ უბნებზეც“, - თქვა ირინა კვახაძემ.

მისი თქმით, მიგრანტები ქვეყანას თუ დატოვებენ, ბაზარი შემცირდება და ეს უარყოფით გავლენას იქონიებს უძრავ ქონებაზე. გაქირავების ფასებისა და ამონაგების დაკორექტირებას „თიბისი კაპიტალში“ 2024 წლიდან ელიან.

„დღეს არ გვაქვს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მიგრანტები 2023 წელს დატოვებენ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, ეს ომი წელს დასრულდება თუ არა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიგრანტები წელს დატოვებენ საქართველოს, ან იმ ქვეყნებს, სადაც ისინი გაექცნენ ომს და მის შედეგებს. ისინი უკვე დაფუძნდნენ, ბავშვები სკოლებში შეიყვანეს, მუშაობა დაიწყეს და მოიწყეს საცხოვრებელი“, - თქვა ირინა კვახაძემ.

ცნობისთვის, „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში თბილისში გასაქირავებელი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წლიურად 103%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 3%-ით შემცირდა.