მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მთავრობამ 4-ჯერ მეტი არ მოინდომა, თიზ-ში ინვესტორი აღარ შემოვა - პაატა შურღაია

609a55796ae56
ლიკა გურაბანიძე
12.05.21 09:00
918
“მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმატების ფორმულა მთავრობის მიდგომაშია, კერძოდ, იმ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ღონისძიებებში, რასაც ახორციელებს” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა ​პაატა შურღაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თიზის წარმატებულობას, მისი დამოუკიდებელი მენეჯმენტი და ის მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებობს.

“ვინ შეიძლება იყოს კონკურენტი? ჩვენივე პოლიტიკის ღონისძიებების განმსაზღვრელი ჩვენვე უნდა ვიყოთ და არა სხვა რეგიონები. ეს არის ის თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯები, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის გატარების კუთხით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის​ მენეჯმენტთან ერთად უნდა დგამდეს. თიზის მენეჯმენტში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, რათა ინვესტორი დააინტერესონ.

პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც თიზებზე ვსაუბრობთ ეს კონცეფციის შემუშავებაა, კერძოდ, თიზი რა პროფილისაა და ჩვენ რა ეკონომიკური დოვლათის შექმნის სურვილი გვაქვს. თიზების კლასიფიკაცია განსხვავდება, მაგალითად, არის სამრეწველო და სავაჭრო ტიპის თიზები” - აღნიშნა პაატა შურღაიამ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული ნაწილი ცალკე განსახილველი თემაა, მასშიც სახელმწიფო და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის​ მენეჯმენტი ერთობლივად უნდა იყოს ჩართული.

“არ არსებობს პრაქტიკული მაგალითი, სადაც წარმატებული თიზი დამოუკიდებლად განვითარდა. მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის გატარებაა მნიშვნელოვანი. თუ მთავრობამ თიზების განვითარების კუთხით 4-ჯერ მეტი არ მოინდომა, მაგალითად: თუ არ გაიყვანა გზები, არ გააკეთა ელექტროენერგია, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები იქ ისე არ მოაწყო, რომ საქონლის შეტანა, გატანა, გადამუშავება იყოს მაღალ დონეზე შესაძლებელი, ინვესტორი იქ აღარ შემოდის.

რატომ არ არის თიზები წარმატებული? ამ შემთხვევაში მთავრობას უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან საბოლოო ჯამში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტს გარკვეულ ვალდებულებებს მთავრობა უწესებს” - განმარტა შურღაიამ.