მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რეალური ინვესტორი იქნება, მზად ვართ, ანაკლიის პორტის მხარდაჭერისთვის - პრემიერი ხაზარაძეს

60d60aae5c133
თელარა გელანტია
25.06.21 20:55
930
„დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი.

“ანაკლიის პორტზე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს ჩვენ გვქონდა არა ერთი შეხვედრა, სრულ მხარდაჭერას გიწევდით და გიდასტურებდით ამ პროექტთან მიმართებაში. ყველა ტრიბუნიდან, ყველა დონეზე მე და შემდეგი პრემიერებიც ყოველთვის მხარს გიჭერდით. ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარეც, მოგეხსენებათ, მხარს გიჭერდათ ამ პროექტში.
უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ თქვენ მიღებული. თქვენ მოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი.

სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. უფრო მეტიც, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ამ ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი, რაც იყო უპროცედენტო ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, უმაღლეს დონეზე გქონდათ მხარდაჭერა. მას შემდეგ მოგეხსენებათ, მე ბოლო 4 წელი არ ვიყავი მთავრობაში და როგორც მთავრობის წევრებისგან ვიცი, თქვენ არა ერთხელ - სამჯერ თუ ოთხჯერ გადაგივადეს. პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ. შემდეგ, სამწუხაროდ, წავიდა პოლიტიკური, სპეკულაციები და საუბარი იმაზე, რომ თითქოს მთავრობა გიშლით ხელს და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ აღნიშნული პროექტი.

დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. უფრო მეტიც, მიწებიც გადმოგეცათ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსებაზეც მიიღეთ გარანტია, საპარტნიორო ფონდიდან. მანამდე დაიხარჯა რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გვივლია ამერიკაშიც მათ შორის ამ პროექტით, გაეროს ტირბუნიდან, ყველა პლატფორმაზე გქონდათ სრული მხარდაჭერა და სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.