მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ საგადასახადო წნეხი იზრდება, მაშინ ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის“ – პაპიაშვილი მოგების გადასახადის ზრდაზე

638f8f85691b5
ალა ისპირიანი
06.12.22 23:45
1338
"კრესტონ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი, გადაცემა „საქმის კურსში“ მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე ზრდის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით თუ საგადასახადო ტვირთი იზრდება, მაშინ ეს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.

„საგადასახადო კოდექსი, რომელიც არის კანონი, ამ კანონზე მაღლა მდგომი კანონია ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი, სადაც წერია, რომ თუ გადასახადის ზედა ზღვარის გაზრდა მთავრობას განზრახული ექნება, ეს აუცილებლად რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს. 

არსებობს გამონაკლისებიც, დაუშვათ თუ არაუმეტეს 3 წლით უნდათ გაზრდა ან თუ მოხდა ერთი გადასახადის ჩანაცვლება მეორე გადასახადით, ამ შემთხვევაში გაზრდად არ ჩაითვლება, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში ხაზგასმით არის ჩანაწერი, რომ ასეთი ჩანაცვლების შედეგად საგადასახადო წნეხი არ უნდა გაიზარდოს და თუ საგადასახადო წნეხი იზრდება აუცილებელია ან რეფერენდუმის გზით წასვლა ან არაუმეტეს სამი წლის ვადით გაზრდა. ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ამ ჩანაცვლების შედეგად ზედა ზღვარი იზრდება ეს ან რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს, ან გაზრდა დროებით უნდა მოხდეს.

თუ ამით საგადასახადო ტვირთი იზრდება ეს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. იმედია ამაზე კანონპროექტზე მუშაობის დროს ნაფიქრი აქვთ, ამიტომ ჯონია კანონპროექტის საბოლოო რედაქციას დაველოდოთ“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ მოგების გადასახადი 20%-მდე ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც გაიზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამაც გააკეთა. მისი თქმით, დიახ, გადასახადი გაიზრდება და ზუსტად ეს უზრუნველყოფს ფისკალური დეფიციტის შემცირებას.