მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ სურვილია, ყველა გზა გამოინახება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს - ქეთი ბოჭორიშვილი

631b4d7423a9d
ელენე გოგბერაშვილი
10.09.22 12:44
818
სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, თუმცა პროექტის ახალი ტენდერის ვადები ჯერ კიდევ უცნობია და წლის განმავლობაში გაცხადდება. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიზანშეწონილობის კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩატარდა, დღეს კი რეალობა შეცვლილია.

„ჩვენ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, ეს არის ძალიან მაღალრეპუტაციული ჰოლანდიური კომპანია. ეს კვლევა ომის დაწყებამდე ჩატარდა, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება. შესაბამისად, მიმდინარეობს დაზუსტება და სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას ჩვენს PPP კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოს და პოტენციურ ინვესტორსაც, რათა პროექტის რეალიზება მოხდეს. კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ის, რომ მთავრობისთვის ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია, ამის სურვილს კონკრეტულ ქმედებებში ჯერ ვერ ხედავს „ანაკლია სითის“ ყოფილი ხელმძღვანელი. ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა რა დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას, შესაბამისად მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ტვირთებისთვის ალტერნატიული გზა სწორედ საქართველოზე გადიოდეს.

„სამწუხაროდ, ამ პროექტში გამარჯვებული არავინ არის -არც ინვესტორი, არც ქვეყანა და არც მოსახლეობა. თუ არის ხედვა, თუ არის სურვილი, რა თქმა უნდა, ყველა გზა გამოინახება, რომ ეს პროექტი შედგეს. ამ პროექტის მნიშვნელობა დღეს ყველამ ცხადად დავინახეთ. თუ ადრე ვსაუბრობდით და ვამბობდით, რატომ არის მნიშვნელოვანი, დღეს ამაზე საუბარიც აღარ არის იმდენად თვალნათლივ ჩანს ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება ჩვენს ქვეყანაში.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ვერ მოხდება ჰაერიდან, ვერ მოხდება ცარიელი სიტყვებით, ჩვენ ეს უნდა დავინახოთ კონკრეტულად ასახულ პროექტებში და ქმედებებში. ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის და მასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ამის საწინდარია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული პორტი, სჭირდება ტვირთების გადაზიდვის მოცულობების გაზრდა, სჭირდება გამართული რკინიგზა, გამართული გზები, გამარტივებული პროცედურები და დავესესხები ჩემს კოლეგას ყაზახეთიდან, რომელმაც მითხრა: ქეთი, ტვირთი არის როგორც წყალი, პატარა დაბრკოლებას შეუქმნი და მაშინვე იპოვის ალტერნატიულ გზას. შესაბამისად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ალტერნატიული გზა იყოს საქართველო და ამისთვის არათუ დაბრკოლება, არამედ უნდა გავამარტივოთ და გავაღრმაოთ დინების კალაპოტი. პატარა წინაღობაც ნიშნავს, რომ ტვირთები სხვა გზას იპოვიან. ალტერნატიული გზები ყოველთვის არის, ჩვენ უნდა ვეცადოთ ეს ალტერნატიული გზა საქართველოს გავლით იყოს და აქედან მიიღოს ქვეყანამ შემოსავალი", - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა.

საქართველოს მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ინვესტორებმა საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი 2022 წელს შეიტანეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარია; "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორის ბობ მეიერის სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია კი 64 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც კონსორციუმის ინტერესების დამცველი ამბობს, ამ ეტაპზე დოკუმენტაციის გაცვლის პროცესი მიმდინარეობს, და დავის განხილვის აქტიური პროცესი ჯერ არ დაწყებულა.