მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ტარიფი არ გაიზარდა, შესაძლოა ელ. ენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნას - თურნავა

5feadbe662444
ინგა მურუსიძე
29.12.20 11:41
1038
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობამ  ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ტვირთი არ იგრძნოს. განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ამ წუთებში სემეკი ელექტროენერგიისა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში წყალმომარაგების ტარიფების ზრდაზე მსჯელობს.

„სემეკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც საკუთარი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს და მთავრობას არ აქვს უფლება ჩაერიოს მათ კომპეტენციაში, თუმცა ჩვენ ვიცით რა ხდება ენერგეტიკაში და ველოდებით, რომ ტარიფები გაიზრდება. ამავე დროს ვიცით, რომ ტარიფის დათვლა ბოლოს მოხდა 3 წლის წინ, ამის შემდეგ ბევრი ინვესტიცია იყო, რაც თავის მხრივ, ტარიფში აისახება.

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს გვაქვს უდიდესი კრიზისი, რამაც პრობლემა შეუქმნა ბევრ ბიზნესს, მათ შორის ენერგეტიკას, რომელიც არის ბევრი სხვა ბიზნესის ხერხემალი. შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება, შეუმცირდათ ენერგოკომპანიებს შემოსავლები და შეიძლება ამან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დააყენოს მოსახლეობისთვის, თუ არ იქნება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობას სემეკის კომპეტენციაში ჩარევა არ შეუძლია, თუმცა შეუძლია, რომ ტარიფის ზრდა დაასუბსიდიროს და მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს.

„მოსახლეობის უმრავლესობა ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს და ამისკენ წარვმართავთ რესურსებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობამ ასევე გადაწყვიტა, რომ კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ როცა სემეკი ტარიფს დაადგენს, მთავრობა დათვლის ხარჯებს და სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცვლება.