09.დეკემბერი .2021 21:00

თუ ტიკარაძის პოსტი „მწვანე პასპორტებს“ შეეწირა, ის პატივისცემას იმსახურებს - სანდრო ურუშაძე

თუ ტიკარაძის პოსტი „მწვანე პასპორტებს“ შეეწირა, ის პატივისცემას იმსახურებს - სანდრო ურუშაძე
views 2311
უკან

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგა. განცხადება მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და თქვა, რომ საქმიანობას პარტიაში გააგრძელებს. ამ ეტაპზე ტიკარაძის გადადგომის მიზეზად პრემიერთან კონფლიქტი არ დასახელებულა, თუმცა მედიის ინფორმაციით, 7 დეკემბერს, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის კოვიდ-გადატანილი ადამიანებისთვის უვადოდ „მწვანე პასპორტის“ მინიჭებასთან დაკავშირებით შელაპარაკება იყო. ტიკარაძემ სხდომა დასრულებამდე დატოვა.

"თუ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი „მწვანე პასპორტებს“ შეეწირა, მაშინ ის პატივისცემას იმსახურებს, პრინციპულობის გამო", - ასე აფასებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე ტიკარაძის გადადგომას.

„მინისტრი რატომ გადადგა, მე არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ თანამდებობაზე დანიშვნასაც და გათავისუფლებასაც მიზეზები უნდა ჰქონდეს და საზოგადოება იმსახურებს ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. თუ მინისტრის გადადგომის მიზეზი უთანხმოება გახდა „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, რაზეც მე პირადად ეჭვი მეპარება, პატივისცემას იმსახურებს მისი პრინციპულობა“, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

რაც შეეხება მისი საქმიანობის შეფასებას, ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ პოსტის დატოვების შემდეგ ადამიანზე ისეთი რამ არ უნდა გავიხსენოთ, რის გამოც ის უნდა ვაკრიტიკოთ:

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ პოსტზე მუშაობდა, პატივისცემას იმსახურებს, რადგან ეს ძალიან რთული პოსტია, ამიტომ როცა ადამიანი თანამდებობას ტოვებს, უნდა გავიხსენოთ ის, რის გამოც შეიძლება მას მადლობა გადავუხადოთ და არა ის, რის გამოც შეიძლება ის ვაკრიტიკოთ“, - თქვა ურუშაძემ.

კითხვაზე, რა აფიქრდება ისეთი, რის გამოც ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ჯანდაცვის სპეციალისტმა თქვა, რომ ამაზე იფიქრებს და შემდეგ გასცემს პასუხს.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 3 წელი იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა