მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ზამთრის სეზონისთვის ქვეყანა სამზადისს 1 წლით ადრე არ იწყებს, ყველაფერი დაგვიანებულია“

614a104f1bd0d
მარიამ ადამია
21.09.21 21:44
732
„დღეს საზოგადოებისთვის აღარ არის მისაღები მხოლოდ სატელევიზიო განცხადებების კეთება. საუბრის უკან საქმე უნდა კეთდებოდეს. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამდენი რესურსი გვაქვს ქვეყანაში. გვყავს მინისტრი, მისი მოადგილე, მრჩეველი და არაერთი ხელმძღვანელი, მაგრამ მაინც გვჭირდება საქმის შემსრულებელი“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, “ტურიზმის ალიანსის” წარმომადგენელმა, თამუნა თანდაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული სეზონის დასაწყებად მნიშვნელოვანია პირველ რიგში ვაქცინაცია და ასევე პროგნოზირებადი გარემო.

„საკმაოდ გაჯერებულია საჯარო სტრუქტურები, მართვის ნაწილში ვერ ვიტყვით, რომ არ გვყავს რომელიმე პოზიცია ან სსიპ-ი. მეორე საკითხია რამდენად სწორად არის კოორდინირებული მათი მუშაობა და მოქმედება. მაგრამ ფაქტია რომ კერძო სექტორს ესაჭიროება პროგნოზები, რომელიც ეპიდ-ვითარების ფონზე შესაძლოა არ იყოს ცხადი, მაგრამ იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რა რეგულაციებსაც იღებს სახელმწიფო, კერძო სექტორი დღეიდან უნდა იყოს მზად ზამთრის ტურისტული სეზონისთვის. უნდა ვიცოდეთ რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი, რომელ პერიოდში რა შეზღუდვებს ველოდოთ,“ - აღნიშნა თამუნა თანდაშვილმა.

“ტურიზმის ალიანსის” წარმომადგენლის თქმით, დროა ქვეყანაში მინიმალური რესურსით სახელმწიფომ დაიწყოს მართვა კერძო სექტორთან ერთად, არ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული ერთი კვირით ადრე, ვიდრე სეზონი გაიხსნება და შემდეგ რისკების წინაშე არ დავდგეთ.

„კარგი ტურისტული სეზონისთვის გვაქვს ყველაფერი, ახლა მთავარია კერძო სექტორი იყოს ფხიზლად და აქტიურად ჩართული. მოსთხოვოს საჯარო სექტორს იმ პირობების შესრულება, რაზეც შეთანხმდნენ. სამწუხარო იქნება თუ ისევ შარშანდელივით ჩავარდება სეზონი, რასაც კერძო სექტორი რეალურად ვეღარ გადაიტანს და აღარც იქნება ისეთი მომთმენი და გამგები, როგორიც იყო შარშან. ამიტომ მუშაობა უნდა დაიწყოს დროულად,“ - აღნიშნა თანდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს მთის კურორტზე მოქმედ ბიზნესებს ოპერირების ნებართვა 25 თებერვლიდან მიეცათ, ხოლო ოთხივე სათხილამურო კურორტზე საბაგიროები და შესაბამისად სათხილამურო ტრასები 8 მარტიდან ამოქმედდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ამ მცირე პერიოდის განმავლობაში აპრილამდე, კურორტებს სულ 134 183 პირი ესტუმრა. ხოლო 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა სათხილამურო არეალების მიხედვით ასე ნაწილდება: გუდაური - 83 055; ბაკურიანი - 35 166; მესტია (ჰაწვალი-თეთნულდი) - 8 700; გოდერძი - 7 262.