მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი ბანკის სესხი გაქვთ, სებ-ი გაიგებს რა არის თქვენი ხელფასი

60fd2688811cb
BM.GE
25.07.21 12:45
4595
თუკი ამჟამად გაქვთ სესხი, ეროვნული ბანკი გაიგებს რა არის თქვენი შემოსავალი - რადგან ამ ინფორმაციის სებ-ისთვის წარდგენის ვალდებულება ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გაუჩნდათ. ამ ცვლილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, ითვალისწინებს და მის ფარგლებში კომერციულ ბანკებს მარეგულირებლისთვის მათი ყველა მსესხებლის შესახებ დეტალური ფინანსური ინფორმაციის ყოველთვიურ რეჟიმში წარდგენა დაევალათ. 

საუბარია მსესხებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემებზე, მათ მიერ აღებული სესხების მოცულობაზე, გადახდილ შენატანებზე და სხვა დეტალებზე. ამასთანავე წარსადგენ მონაცემთა შორისაა მომხმარებლის შემოსავლების შესახებ ინფორმაციაც, რომელსაც თავად მსესხებელი კომერციულ ბანკს აწვდის. ამჟამად ბანკებში 2.8 მილიონი ინდივიდუალური სესხია მოქმედი, შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყველა ამ სესხის, ასევე მომავალში დამტკიცებული სესხების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

ბანკებმა ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნდა წარუდგინონ.

უფრო დეტალურად, ბანკების მიერ მსესხებელთა შესახებ წარსადგენი მონაცემებია:

● კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
● კლიენტის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები;
● კლიენტის ბოლო განახლებული მონაცემები შემოსავლების შესახებ;
● საკრედიტო ვალდებულების დეტალები;
● კლიენტის ფინანსური მონაცემები სესხის გაცემის მომენტისთვის;
● კლიენტის მონაცემები შემოსავლების შესახებ სესხის გაცემის მომენტისთვის;
● საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები;
● ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე;
● ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ;
● ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ;
● ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ.

შესაბამისად, ეროვნულ ბანკს ბანკებმა უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულების ქონებაა თითოეული სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული. ასევე ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ - ანუ რომელი ფიზიკური და იურიდიული პირები ცდილობდნენ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში სესხის მიღებას.

კომერციული ბანკების გარდა, ანალოგიური ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა დაუწესდეთ. ამჟამად მისოებს სულ 680,000 ინდივიდუალურ სესხი აქვთ გაცემული. სებ-ის ინფორმაციით, თავდაპირველ ეტაპზე რეესტრისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ ბანკებს ექნებათ, მისო-ებისთვის კი მისი წარდგენა ნებაყოფლობითი იქნება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში წერია, რომ რეესტრის წარმოების პროცესში ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია:

“საკრედიტო რეესტრის მონაწილისგან მონაცემები მიიღება დაცული და დაშიფრული არხის გამოყენებით, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ეროვნული ბანკი.

საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა ინახება ეროვნული ბანკის სერვერზე იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

საკრედიტო რეესტრის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რეესტრის მიზანი ახალი მონაცემთა ბაზის შექმნაა.

“აღნიშნული წესის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნისა და მისი გამოყენების პროცესს. რისკების შემცირების მიზნით, ის იმ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებიც მონაცემების უსაფრთხო გაზიარებას, მათ დამუშავებას და შენახვას უკავშირდება. წესი ასევე ადგენს პროცესებში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობებს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.