მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი გაზის კონტრაქტი ლარში დაიდება, სავალუტო რისკი სახელმწიფო კომპანიაზე გადავა - ნარმანია

60af74bdc1215
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.21 15:00
1464
დღეს სემეკმა “თბილისი ენერჯის” ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, პირველი ივნისიდან ერთი კუბური მეტრი გაზი 53.97 თეთრი ეღირება, ნაცვლად 46.13 თეთრისა. ტარიფის ცვლილება ლარის გაუფასურების გამო, ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდილ ღირებულებას უკავშირდება. თუკი აქამდე მოქმედი ტარიფით გაზის შესყიდვის ფასი კუბურ მეტრზე 26.8 თეთრს შეადგენდა, კომპანია მასში ფაქტობრივად 34 თეთრს იხდიდა, შესაბამისად, “თბილისი ენერჯი” თითოეულ კუბურ მეტრ გაზს კომპანია ზარალით ყიდდა. ახალ ტარიფში გაზის შესყიდვის ღირებულებად 33.4 თეთრი არის განსაზღვრული.

“თბილისი ენერჯის” კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, ტარიფის ზრდის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნება, თუკი “თბილისი ენერჯის” მიერ შესასყიდი გაზის ფასი დოლარის ნაცვლად ეროვნულ ვალუტაში იქნება განსაზღვრული.

საკითხს გამოეხმაურა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილება მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შეიძლება გადაიდგას, თუმცა ამ შემთხვევაში გაცვლითი კურსის რისკი სახელმწიფო კომპანიაზე გადავა.

“მარეგულირებელმა კომისიამ აქამდეც არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, შესაძლოა გაზის მიწოდების კონტრაქტები იყოს ეროვნულ ვალუტაში, თუმცა ამ შემთხვევაში იზრდება რისკები სახელმწიფო კომპანიების მხარეს, ამიტომაც ობიექტურ გაანგარიშებებზე დაყრდნობით უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები მიღებული,”- განმარტავს დავით ნარმანია.

საქართველოში მოქმედი გაზის გამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” ყიდულობენ. 2019 წელს მიღებული გგადაწყვეტილებით კორპორაციამ “თბილისი ენერჯისთვის” 1000 კუბური მეტრი გაზის მიწოდების ღირებულება $103 დოლარიდან $86 დოლარამდე შეამცირა - ეს გადაწყვეტილება მაშინ ტარიფის ზრდის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.