მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურები და ბილეთები“: კვალიფიციური კადრების დეფიციტია, ვეძებთ თანამშრომლებს

629c4e522c708
ლიკა გურაბანიძე
05.06.22 11:15
990
ტურისტული კომპანია “ტურები და ბილეთები” კადრებს ეძებს. „სექტორში ყველაზე დეფიციტური მძღოლები და გიდები არიან“, - ამბობს BMG-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელი.

გერმანე ჭელიძე გვიყვება, რომ პანდემიამდე 120 თანამშრომელი ჰყავდა, ახლა კი - 55.

„პანდემიამ კვალიფიციური კადრების დიდი გადინება გამოიწვია, ხოლო ძველ თანამშრომლებს უკან დაბრუნებისას შიში აქვთ, ამიტომ მათთვის ახსნა გვიწევს, რომ ტურიზმის სექტორში ვითარების გამოსწორება დაიწყო. დღეს რამდენიმე ახალი კადრის გადამზადებაზე ვზრუნავთ. ამ თვალსაზრისით, წლის ბოლომდე 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ვვარაუდობ.

პანდემიამდე 120 თანამშრომელი მყავდა და ახლა დასაქმებულების რაოდენობა, დაახლოებით, 55-ს შეადგენს. ივლისში 10-15 ადამიანს დავიმატებ და იმედი მაქვს, რომ ეს კომპანიას ძალების აღდგენაში დაეხმარება. წლის ბოლომდე, ჯამში, კვლავ 120 თანამშრომელს დავასაქმებ“, - აღნიშნა გერმანე ჭელიძემ.

ტურიზმის სექტორში მიმდინარე გაჯანსაღების ტენდენციაზე საუბრისას “ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის I კვარტალში საქართველოდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გერმანე ჭელიძის შეფასებით, ტურიზმის დარგმა აღდგენა აქტიურად დაიწყო, რასაც პანდემიური შეზღუდვების მოხსნას უკავშირებს.

“ქართველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის სურვილი გაუჩნდათ. ისინი, ძირითადად, ბილეთებს თურქეთის მიმართულებით ყიდულობენ. ჩვენც აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა. წელს ტურისტების რაოდენობის ზრდას ველოდებით“, - თქვა “ტურები და ბილეთების” დამფუძნებელმა.