06.ივლისი .2020 19:03

ტურისტების რაოდენობა ვერ დააკომპენსირებს მათ მიერ შემოტანილი Covid-ით გამოწვეულ ზარალს - მაჭავარიანი

views 472
უკან

"ცდებიან, ვინც ფიქრობს, რომ სარგებელი იქნება დიდი, რადგან გახსნის შემთხვევაში იქნება ძალიან მცირე ნაკადი ტურისტების, მაგრამ ეს საკმარისი იქნება ვირუსის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი - ეკონომიკისთვის სიკეთე რომ მოიტანოს", - ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

ივანე მაჭავარიანი ტურიზმის და საზღვრების გახსნის "პარადოქსის" შესახებ:

"ეს იყო დიდ ხანს ნაფიქრი და პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა და არ გაგვეხსნა ფრენები და არ დაგვეწყო მიღება ევროპელი ტურისტების. ამის უკან დგას მთელი რიგი კვლევები და ანალიზი სხვადასხვა მოდელების. მარტივ ენაზე შევეცდები რომ ავუხსნა მაყურებელს - პირველ რიგში, უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ, რა არის ის პოტენციალი, რაც ჩვენ შეიძლება წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლებისა და მოგზაურების სახით. ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი. შარშან 480,000-მდე იყო ევროპის მოქალაქეთა ვიზიტები საქართველოში, წელს უნდა ავიღოთ მინიმუმ მისი ნახევარი, რადგან ნახევარი წელი გასულია უკვე და უნდა დავადისკონტიროთ და შევამციროთ იმ სენტიმენტების მიხედვით, რაც მსოფლიოსა და ევროპაში მოგზაურობის მხრივ არის დავარდნილი... ანუ განწყობები. შესაბამისად, საუკეთესო პროგნოზითაც კი ეს ციფრი ვერ ადის და ვერ გადასცილდებოდა 50,000-დან 100,000-მდე მოგზაურს წლის ბოლომდე.

ჩვენი მოლოდინი იყო დაახლოებით 10 მილიონ ვიზიტორამდე, ეს კი ამ მთლიან ტურიზმთან შედარებით, რასაც მოველოდით, არის დაახლოებით 0.5%. ეკონომიკისთვის ეს არის ძალიან მცირე, თუმცა ვიღაცეები იტყვიან, მცირეა, მაგრამ არსებულ ვითარებას თუნდაც ეს მცირე რიცხვიც წაადგება.

აქ სამწუხაროდ ძალიან ზედაპირულ ანალიზთან გვაქვს საქმე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად ვართ COVID-19-სგან თავისუფალი ქვეყანა. რა შემთხვევებიც არის, მათი უმეტესობა არის შემოტანილი, ხოლო შიდა გადაცემა არის ძალიან მცირე. დღეს თქვენ ნახავთ, რომ რეგიონებში ჩვენი მოქალაქეები მიდიან და მინიმალურ სიფრთხილეს იჩენენ და ჩვენ მათ სულ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესი. თუმცა, რომ გახვიდეთ ნახავთ, რომ საკმაოდ ღიად არიან. ახლა ჩვენ თუ ის 50,000 კაცი, რომელიც შემოვა, იქიდან თუ ვიგულისხმებთ მცირედსაც, 1%-საც რომ ჰქონდეს და მატარებელი იყოს ვირუსის და გაავრცელოს, მაშინ ჩვენ ყველა ვარიანტში გვექნება შიდა გავრცელება. შეიძლება ეპიდემიურად ეს არ იყოს კატასტროფა და ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს და არ იყოს დიდი სიკვდილიანობა, მაგრამ თითოეული შემთხვევა, იქნება ეს აჭარაში, იქნება ეს კახეთში რომ გავრცელდება, დამერწმუნეთ, რომ ის ქართული შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისევე დააქვეითებს, როგორც არის ეს მსოფლიოში დაქვეითებული. 

ეს ნიშნავს სინამდვილეში რას ჩვეულებრივი ქართველი მეწარმისთვის, რომელსაც აქვს დღეს რესტორანი, კაფე ან რეგიონში პატარა სასტუმრო - ეს ნიშნავს მათთვის, რომ დღეს რა შემოსავალიც აქვთ და რამდენი სტუმარიც შედის, შეიძლება ამ შემთხვევაში იმაზე ნაკლები ადამიანი შევიდეს. უყურეთ რა პარადოქსია, შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ ეს კონტრინტუიტიურია, მაგრამ სამწუხაროდ ასეა - ერთეული შემთხვევები შემთხვევები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში გაჩნდება, დააგდებს და შეამცირებს სენტიმენტებს შიდა მოგზაურების. უფრო შეკავებული და ფრთხილი იქნება ეკონომიკური აქტივობა, ეს უცილობლად ასეა. 

შესაბამისად ჯამში ვერ გადაგვიწონა [ფრენების გახსნამ] სარგებელი. 

თქვენ იცით, რომ ტურისტი ერთ ადგილზე არ იქნება და მან უნდა იმოგზაუროს და შედეგად წარმოუდგენელი ხდება შემდეგ თრექინგი და ამაზე მოკვლევა. საკითხი დგას შემდეგში - მცირედი გავრცელებაც კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობებს, მნიშვნელოვნად შეაშინებს მომხმარებლებს და გადავა თვითშეზღუდვის, თვითშეკავების რეჟიმში. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს ის პოტენციური რაოდენობა ჩამომსვლელების, იმ ეკონომიკურ ვარდნას აქტივობისა, რაც შეიძლება სხვადასხვა ადგილზე, აქა-იქ თუგინდ მცირედმა გავრცელებამ გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი ხდება, რომ დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ და შევინარჩუნოთ სტატუს კვო, რადგან ამით ეკონომიკას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ. ხშირად საკითხს სვამენ ასე - ეკონომიკა თუ კოვიდის გავრცელება? სინამდვილეში კი ეკონომიკისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარების სწორად მართვაზე სწორი ალტერნატივა არ არსებობს", - ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ამბობს ივანე მაჭავარიანი.

ამასთან მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა სიფრთხილით მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ქვეყანასთან აღდგეს საჰაერო მიმოსვლა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა