მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებს შესაძლოა Covid-დაზღვევის შეძენა დაევალოთ - რაზე მსჯელობს მთვარობა და ბიზნესი

5ef482b273057
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.20 15:00
2660
მთავრობასა და სადაზღვევო სექტორს შორის უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში ჩამოსვლისას COVID-19-ის სავალდებულო სადაზრვევო პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა - ამის შესახებ BM.GE-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ინფორმაციისა და შეხედულებების გაცვლა მოხდა, როგორ უნდა იყოს კოვიდ დაზღვევის პაკეტები.

„მთავრობასთან გვქონდა საუბარი, როგორ უნდა მოხდეს კოვიდ დაზღვევა. ინფორმაცია გავცვალეთ და ველით შემდგომ ნაბიჯებს. მთავრობა ღელავს და ფიქრობს, რომ ტურისტებს ჩამოსვლის შემდეგ უნდა შეეძლოთ კოვიდ დაზღვევის პაკეტის შეძენა.

მექანიზმი უნდა იყოს შემდეგნაირი - ტურისტმა ჩამოსვლისას უნდა შეიძინოს კოვიდის სავალდებულო დაზღვევა, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იყიდის. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს დაზღვევა შეამცირებს კოვიდის მკურნალობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს. განსაზღვრული იქნება ამ დაზღვევის დღიური ღირებულება და შესაბამისად ამ დაზღვევის შეძენისას კოვიდის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯები სისტემას არ დააწვება“, - განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, კერძო სადაზღვევო სექტორში ამასთან დაკავშირებით მზაობა არის, თუმცა კოვიდ-დაზღვევის პაკეტის დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი გამზადდება კერძო სადაზღვევო კომპანიები იქნებიან ჩართულნი. მთავრობასთან შეხვედრისას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა, გავცვალეთ კითხვარები. სადაზღვეო კომპანიები მზად არიან, რომ მსგავსი პაკეტები შეიმუშავონ.

ჯერ დეტალები არ არის ცნობილი და ამაზე მუშაობისას მთავარია, რომ გავითვალისწინოთ კოვიდის მკურნალობაზე გაწეული აქაური ხარჯი“, - ამბობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.

დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს კოვიდის დაზღვევა. ის ასევე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების პერიოდი კარგი დროა ამ მექანიზმის და პროდუქტების შესაქმნელად.

„თითოეულ ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობაზე განსხვავებული თანხები იხარჯება. ამიტომ მე არ გავართულებდი და ვთვლი, რომ ამგვარის სისტემა უფრო მოქნილი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ საზღვარზე შემოსულ ტურისტს ვუმოწმოთ, აქვს თუ არა მას მისი ქვეყნიდან წამოღებული კოვიდ-დაზღვევა.

ამასთან, მინდა ვთქვა, რომ როდესაც რაღაც შეზღუდულია, ახლის მომზადება ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე, როდესაც რაღაც მოგაწვება. ამიტომ ახლა კარგი დროა, რომ ეს დავალაგოთ და ჩამოვყალიბდეთ“, - უთხრა BM.GE-ს ხეჩინაშვილმა.