მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტებს ხელების დაბანა უჭირთ" - ლევან ვეფხვაძის რეპლიკა და მაია ცქიტიშვილის პასუხი

5e56929c018dc
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.20 19:45
1949
დღეს „შერატონ გრანდ თბილისში“ გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში პანელური შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს რეგიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და მისი მოგვარების საჭიროებაზე დაუსვა კითხვა.

„ტურიზმის ზრდას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დახვედრება და ძალიან ბევრი ადგილია ჩვენთან, სადაც ტურისტებს ელემენტარული ხელების დაბანა უჭირთ. ასოციაციის ძალიან ბევრი წევრი კომპანია საუბრობს იმაზე, რომ ამ სახის ინფრასტრუქტურის კუთხით, სიტუაცია რეგიონებში მოუგვარებელია, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომ ტურისტი მეორეჯერ ჩამოვიდეს საქართველოში. ჩვენ გავიგეთ რომ სსიპ-ების ჩამოყალიბებას აპირებთ, მაგრამ მთავარია, როგორ აპირებთ, რომ მეპატრონე გააჩინოთ ინსტიტუციონალურად და რა ფუნქციები ექნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინვესტორისთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, მით უმეტეს ამ ზამთარში შექმნილი პრობლემების შემდეგ (გულისხმობს ბაკურიანსა და გუდაურში გაჩენილ წყალმომარაგების პრობლემებს)“, - ჰკითხა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მინისტრს, რაზეც მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესების პრეროგატივაც არის და ამ კუთხით ორმა მხარემ უნდა ითანამშრომლოს". 

„რაც შეეხება იმ სველი წერტილების არსებობას, იმ ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვას, რომელიც აუცილებელია ტურისტის მომსახურებისთვის, მინდა გითხრათ, რომ შერეულია პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფოს როლი არის უდიდესი, რომ ბაზისი შეიქმნას, როგორც გამართული ინფრასტრუქტურის, ასევე რეგულაციების თვალსაზრისით. რეგულაციების კუთხით, ჩვენ ვგეგმავთ მშენებლობის ნებართვის მიღების სტილში წავიდეთ, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს გამწმენდი ნაგებობების ან კანალიზაციასთან მიერთების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, აქ გარკვეული სექტორების და სფეროების დერეგულირება იმდენად მოვახდინეთ, რომ ახლა უკვე საჭიროა, რეგულაცია შემოვიღოთ.

სახელმწიფოს როლის გარდა, რა თქმა უნდა, კომერციულმა სექტორმა უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთი ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ელემენტარულ დონეზე ხელის დაბანის საშუალებებს ყველა რეგიონში, მათ შორის მოშორებულ რეგიონებში და აქაც ბიზნესმა უნდა მიაქციოს ყურადღება არამხოლოდ ფეშენებელური სასტუმროების მშენებლობას, არამედ საბაზისო ტურისტული სერვისების უზრუნველყოფას, რაც ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიცით, რომ ფასიანი ბიზნეს სერვისია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ და ბიზნესმა ამ მიმართულებითაც უნდა ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.