მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტი; ვიზიტორი; მოგზაური - ვინ შემოვიდა საქართველოში და რამდენი იყო მათ შორის ტურისტი?

63eb3c4d562de
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.23 11:48
2203
2022 წლის განმავლობაში საქართველოს არარეზიდენტმა პირებმა ქვეყანაში 5.4 მილიონი შემოსვლა განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 2.9-ჯერ მეტი იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში 5.4 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა.

სინამდვილეში ტურიზმისა და საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა მეთოდოოლოგიურად იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგანაც ვიზიტის ტიპის, ხანგრძლივობის და ვიზიტის განმახორციელებელი პირის ასაკის მიხედვით, ის სხვადასხვა კატეგორიებად ნაწილდება.

ვინ შემოვიდა საქართველოში და რა სტატუსი ჰქონდათ მათ?

საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური - ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ამ კატეგორიაში ასევე შედიან 15 წლამდე პირებიც, რომლებიც ოფიციალური მეთოდოლოგიით “ვიზიტორის” კატეგორიაში არ ექცევიან. საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურის 5.4 მილიონი შემოსვლა არ ნიშნავს, რომ 5.4 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური იმყოფებოდა ქვეყანაში. სინამდვილეში ეს მხოლოდ შემოსვლების რაოდენობას აღნიშნავს, რადგანაც აღნიშნული პირების ნაწილი საქართველოში წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

ვიზიტორი - ოფიციალური მეთოდოლოგიით არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს). გასულ წელს საქართველოში 4.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 2.7-ჯერ მეტი იყო.

ტურისტი - ოფიციალური მეთოდოლოგიით, ტურისტი არის პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი ღამით მაინც დარჩა, იმისდა მიუხედავად იყო თუ არა მისი ვიზიტის დანიშნულება ტურისტული ხასიათის. 2022 წელს საქართველოში 3.7 მილიონი ტურისტული ხასიათის ვიზიტორის ვიზიტი შედგა, ეს 2021 წელთან შედარებით 2.1-ჯერ მეტი იყო. ეს ვიზიტები 3-მა მილიონმა ტურისმა განახორციელა.

საქსტატის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების 78 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ამასთან, საერთაშორისო ვიზიტორების 18 მხოლოდ ექსკურსანტი იყო. ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით ექსკურსანტი არის პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ვიზიტი იყო იმდენად ხანმოკლე, რომ მას ქვეყანაში ღამე არ გაუთენებია. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 733 ათასი ექსკურსანტის სტატუსის მქონე პირის ვიზიტი შედგა. ეს შეიძლება იყოს როგორც ტრანზიტი, ასევე სხვა დანიშნულებით განხორციელებული ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში.

შესაბამისად, ვიზიტორების განაწილება გასულ წელს ასე გამოიყურებოდა:

ტურისტი - 3 მილიონი;
მხოლოდ ექსკურსანტი - 733 ათასი;
როგორც ექსკურსანტი, ასევე ტურისტი - 147 ათასი.

საქსტატის თანახმად, 2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

დანიშნულებების მიხედვით, არარეზიდენტთა მიერ განხორციელებული ვიზიტები ასე ნაწილდებოდა:

დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 2.52 მილიონი ვიზიტი;
მეგობრების/ნათესავების მონახულება - 942 ათასი ვიზიტი;
ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად - 639 ათასი ვიზიტი;
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 312 ათასი ვიზიტი;
შოპინგი - 199 ათასი ვიზიტი;
მკურნალობა, გაჯანსაღება - 22 ათასი ვიზიტი;
სხვა - 68 ათასი ვიზიტი.

გასულ წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების 61% მამაკაცი 39% კი ქალი იყო.