მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტმა $4000-ით იზარალა” - მიზეზები, რის გამოც გიდი COVID-პროტოკოლს აკრიტიკებს

6060611572365
ელენე გოგბერაშვილი
28.03.21 15:40
1496
გიდი გიორგი წიკლაური მთავრობას ტურისტების საქართველოში შემოსვლის პროტოკოლის გამო აკრიტიკებს. გიორგი წიკლაური ამბობს, რომ ტურისტი, რომელიც საქართველოში შემოვა, მესამე დღეს ვალდებულია PCR-ტესტი ჩააბაროს. იმ შემთხვევაში თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, მას 10-14 დღის განმავლობაში კარანტინში გადასვლა საკუთარი ხარჯით უწევს. ამასთან კარანტინში ყოფნა ეხება ყველას, ვინც მასთან ერთად იმყოფება, მიუხედავად ტესტების შედეგისა.

გიდი ამბობს, რომ ამ პროტოკოლის უკან ტურისტების ძარცვის სქემაა ჩამოყალიბებული, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტურისტების ორი ჯგუფის შემთხვევაში. როგორც წილაური BM.GE-თან ამბობს, ერთ შემთხვევაში ტურისტმა 4000 დოლარით იზარალა. მეორე შემთხვევაში საუბარია უკრაინიდან ტურისტების ჯგუფზე, რომლის 4 წევრი ზუგდიდის კოვიდ სასტუმროში მოხვდა.

„მათ არ აქვთ საშუალება აირჩიონ კოვიდ-სასტუმრო. ანუ ფასის, ხარისხის, სერვისის და რაც მთავარია კვების არჩევანს არ აძლევენ. მოდის პოლიცია, ექცევიან როგორც დამნაშავეს უხეშად, ტენიან კოვიდ-მანქანაში და მიჰყავთ სადაც უნდათ. ფულს ახდევინებენ იმაში, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ ან საერთოდ აკრძალული იყოს მათთვის“-ამბობს გიდი.


მისი თქმით, მეორე პრობლემა, რასაც ტურისტები აწყდებიან PCR-ტესტებში შეცდომის მაღალი ალბათობაა, რაც არ ეხება იმდენად თვითონ მეთოდს, რამდენადაც დაკავშირებულია ლაბორატორიების მუშაობის ხარისხთან.

„ბევრი ფაქტორი არსებობს, რის გამო ტესტმა შეიძლება გიჩვენოს კორონავირუსი და ამასობაში არანაირი კორონა არ გქონდეს. ასეთ დროს ტურისტს არ აქვს საშუალება მოითხოვოს და გაიკეთოს მეორე ტესტი გადასამოწმებლად სხვა ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით თუნდაც. ფიზიკურად ბლოკავენ. განმეორებითი ტესტები კეთდება ყოველ სამ დღეში, მაგრამ შედეგი უკვე არაფერს ნიშნავს სანამ ის 14 დღე არ გავა, იმ სასტუმროდან არ გამოუშვებენ "რისკების შესამცირებლად" და არც ქვეყანას დაატოვებინებენ, თუ თვითმფრინავის ბილეთი ჯიბეში უდევს. კარგავს იმ ბილეთს. ანუ სრულიად ჯამრთელი ადამიანი შეიძლება გახდეს 14 დღით აბსოლუტურად უუფლებო მძევალი და დაკარგოს ბევრი ფული - ზოგ შემთხვევაში ათასობით დოლარზეა საუბარი. ასეა აწყობილი სისტემა.

ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთხელ ტესტმა კორონავისუსი აჩვენოს. მორჩა, დამთავრებულია იმ კაცის საქმე, მერე თუ გინდა ათი ტესტი საპირისპირო შედეგი მოგცეს. ყველა გადაწყვეტილებას იღებს კოვიდ-სასტუმროს ექიმი, ანუ ყველანაირი უფლება მიაბარეს თვითონ სასტუმროს, რომლის პირდაპირი ინტერესია მაქსიმალურად გაჭედოს და გაწუროს ის ადამიანები“-აცხადებს გიორგი წიკლაური.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა კოვიდ-სასტუმროების მფლობელები, როგორც წესი, დაახლოებულები არიან სამთავრობო ჩინოვნიკებთან, განსაკუთრებით რეგიონებში, არსებობს ვარაუდი კორუფციული სქემების შესახებ სასტუმროებში ტურისტების მიყვანის ფულის გამოძალვის მიზნით.

გიდი ერთ-ერთი ტურისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში აქვეყნებს ასევე თბილისის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში გადაღებულ საკვები კონტეინერის ფოტოს, რაშიც იქ მოთავსებულ ჯანმრთელ ტურისტს დღეში 70 დოლარს ახდევინებენ.

რამდენადაა საქმის კურსში მსგავსი პრობლემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, BM.GE აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საპასუხოდ აუცილებლად მიმართავს შესაბამის უწყებებს.