მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტულ ვიზიტებში უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და აშშ-ს წილი გაიზარდა - "თიბისი კაპიტალი"

60c8b1a0ce993
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 20:30
873
უკრაინიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და აშშ-დან ტურისტული ვიზიტებში წილი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვაშია აღნიშნული.

"თიბისი კაპიტალის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დინამიკა ეტაპობრივად უმჯობესდება: „ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 96.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 23%-ს უტოლდება. დინამიკა ქვეყნების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა გაუმჯობესება ასევე ფიქსირდება რეგიონში, შედარებით სწრაფი ტემპით თურქეთში, სადაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ტურისტებზე არ ვრცელდება“.

საკონსულტაციო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გაუმჯობესება ძირითადად საჰაერო მიმოსვლითაა განპირობებული, თუმცა ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა აღდგენას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

„ბათუმის აეროპორტის გავლით განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რაც მაისში 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 35%-ით ჩამორჩება. თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში კლება -74%-ს და -83%-ს შეადგენს. შესაბამისად სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნა სექტორის აღდგენას მეზობელი ქვეყნების ხარჯზე დააჩქარებს, რომლებზეც 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების 71% მოდიოდა; ამავდროულად, მნიშვნელოვანია ვიზიტორ ქვეყნებში ვაქცინირებული მოსახლეობის მაჩვენებელი, რაც რეგიონში შედარებით დაბალია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.


რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებში კონკრეტული ქვეყნების წილობრივ მაჩვენებელს, მიმოხილვის მიხედვით, უკრაინიდან და ისრაელიდან ვიზიტების ნახევარზე მეტი აღდგა; ასევე თურქეთიდან და აშშ-დან ვიზიტების დინამიკა შედარებით უმჯობესდება: „მაისში უკრაინიდან და ისრაელიდან 2019 წელთან შედარებით ვიზიტების კლებამ შესაბამისად -32% და -34% შეადგინა. მაჩვენებელი მზარდია ვიზიტებისთვის თურქეთიდან -69% და აშშ-დან -72%. ვიზიტების სუსტი დინამიკა სხვა მეზობელი ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან ფიქსირდება“.