19.სექტემბერი .2019 19:00

ტურისტულად დატვირთულ მუნიციპალიტეტებში შესაძლოა, ახალი სსიპ–ები შეიქმნას

views 555
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა აცნობა. 

ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრი პრობლემა კურორტების ადმინისტრირებას უკავშირდება და ამის მიზეზი უმეტესად ისაა, რომ თვითმმართველობას არ გააჩნია საჭირო არც ფინანსური და არც ადამიანური რესუსრსი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ვიცე–პრემიერი მიიჩნევს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საჯარო სამართლის იურიდიული პირები უნდა შეიქმნას. 

"თუ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს ინიციატივას, ცვლილების საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევა, მუნიციპალიტეტებს საკრებულოების გადაწყვეტილებით შესაძლებლობას მისცემს შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სათანადო მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, ესაა - პარკირება, ნარჩენების გატანა, მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ პროცესის ზედამხედველობა და სხვა. საუბარია ისეთი ტიპის დასახლებებზე, როგორიცაა ბაკურიანი, უშგული, გუდაური, ურეკი", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, საკურორტო დასახლებებში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი სსიპ-ი შეასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც დიდ ქალაქებში ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა