07.მაისი .2020 16:53

ტურისტული ადგილები, რომელთაც საქართველო კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ზონებად გამოყოფას განიხილავს

views 825
უკან

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინსიტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, - აღნიშნა პრემიერმა.