მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული იმიჯი საქართველოს როგორმე უნდა გავუსუფთავოთ - საბა კიკნაძე

61e7f94e70d83
ნინი ლონგურაშვილი
19.01.22 15:36
1254
„გახვრეტილი ჭურჭლის ამოვსების მცდელობა“ - ასე ეხმაურება „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პოპულარიზაციისთვის 12 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას ტურისტული იმიჯის თვალსაზრისით აქვს.

საბა კიკნაძის აზრით, ყველა არსებული რესურსი მაქსიმალურად ქვეყნის „იმიჯის გასუფთავებისკენ“ უნდა მიიმართოს.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ ვინმეს სურს, არსებული რესურსების გამოყენება, ეს მხოლოდ ქვეყნის იმიჯის გასუფთავებაში უნდა დაიხარჯოს. ის, რაც აქამდე ხდებოდა, ამით ვაფუჭებთ ქვეყანას. ერთი ნორმალური, რაც საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც უნდა ჰქონდეს, ასე თუ ისე იყო მისი კეთილგანწყობა ტურისტების მიმართ, მისი კეთილი სახელი და საინტერესო ბუნებაა. დღეს ჩვენ ვართ დასნეულებულები, ერთ-ერთ ყველაზე უარესი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც შეიძლება იმოგზაურო პანდემიის პერიოდში; ამას ემატება ჰომოფობია, ქუჩაში ადამიანების ცემა და მოკვლაც კი“, - განაცხადა საბა კიკნაძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებმა  დაზიანებული იმიჯის გამოსწორებისთვის იაქტიურონ.

„სხვა შემთხვევაში დაგეგმილი აქტივობები გახვრეტილი ჭურჭლის ამოვსების მცდელობად მიმაჩნია... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეული შემთხვევები აღარაა უკვე, როცა ტურისტებს საყურის და პირსინგის გამო სცემენ; ამ ყველაფერს შეხორცება, მოვლა და როგორმე გადაფარვა სჭირდება. მიმაჩნია, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები არა ტურიზმის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, არამედ ტურიზმის მოვლასთან დაკავშირებით. არ ვარ წინააღმდეგი იმისა, უფრო მეტი ენერგია და დრო დაიხარჯოს ჩვენი შეცდომების გადაფარვაზე. საქართველოს სჭირდება ხელშეწყობა, რომ საერთაშორისო ტურიზმი გაძლიერდეს; სხვა საქმეა, რამდენად ეფექტიანად გამოგვივა ეს“, - უთხრა BM.GE-ს Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს საქართველოს პოპულარიზაციისთვის 12 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვა მოიცავს საქართველოს საერთაშორისო მარკეტინგს, მათ შორის ონლაინ და ბეჭდურ რეკლამებს, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ბიუჯეტს და სხვა ხარჯებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში არის დაგეგმილი.