მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტული მიზიდულობის ცენტრები“ - როგორია გახარიას პარტიის ხედვა ტურიზმის განვითარების შესახებ?

60cd89989c597
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 10:33
992
გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას: 1. განვითარება 2. დემოკრატია 3. უსაფრთხოება.

პროგრამაში საუბარია ტურიზმის განვითარებაზეც, რომლის ფარგლებშიც პარტიაში ამბობენ, რომ ხელი შეეწყობა ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების ჩამოყალიბებას:

„რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა. ეს მიზანი მიიღწევა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენ განვახორციელებთ პროგრამას „მიზიდულობის ცენტრები“, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის ახალი ცენტრების გაჩენას რეგიონებში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების განხორციელების გზით (მათ შორის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის მოდელით).

ამ მოდელის განხორციელება განსაკუთრებით ეფექტიანია ტურიზმის სფეროში იმ რეგიონებში, სადაც არსებობს ტურისტული დანიშნულის ადგილები, თუმცა, ისინი ნაკლებად ცნობადი და პოპულარულია ან ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით სრულიად ახალ ადგილებში. კერძოდ, არსებული ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების გარდა, ხელი შეეწყობა ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტების ჩამოყალიბებას, მათ შორის:

- ქვემო ქართლში შეიქმნება ე.წ. „გერმანული დასახლებების“ ტურისტული აგლომერაცია ბოლნისსა და ასურეთში, სადაც სახელმწიფო ინვესტიციები უზრუნველყოფს ისტორიული უბნების სრულ რეაბილიტაციას და კერძო სექტორის მხარდაჭერას ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებაში.

გარდა ამისა, ქვემო ქართლს აქვს ადამიანის ევოლუციის ისტორიის ტურისტული მიმართულების განვითარების პოტენციალი „პირველი ევროპელის ნაკვალევზე“, რომელიც მოიცავს ბოლნისის მუზეუმს, დმანისის ნაქალაქარს და შულავერის, გადაჭრილი და იმირის გორის „ვაზის მარშრუტს“, სადაც ასევე შესაძლებელია ღვინის მუზეუმის განვითარება. ახალი ტურისტული მარშრუტი ასევე გაზრდის ალგეთის ეროვნული პარკის და ბირთვისის კანიონების ტურისტულ პოტენციალს.

- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მნიშვნელოვანია შაორის ტბის პოტენციალის ათვისება. ასევე, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი გააჩნია შოვისა და უწერას ისტორიულ კურორტებს, ასევე ღების თემის ახალ ტურისტულ მიმართულებას.

- სამცხე-ჯავახეთში ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება შესაძლებელია ერთის მხრივ, კოლორიტული ისტორიული სოფლების (მაგ: გორელოვკა) რეაბილიტაციის გზით, ასევე ფოკას მიმართულებით პილიგრიმული ტურისტული მარშრუტის ჩამოყალიბებით და აბასთუმნის ახალი ტურისტული ცენტრის გარშემო ტურისტული აგლომერაციის შექმნით. ვარძიისა და მიმდებარე ტერიტორიების საფუძველზე (სოფლები გოგაშენი, აფნია და სხვა) ახალი, მაღალი კლასის ტურისტული მიმართულების განვითარება.

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩამოყალიბდება რამდენიმე ახალი ტურისტული ცენტრი, მათ შორის, აბაშაში ტურისტული ცენტრი აკაკი ხოშტარიას სახლ-მუზეუმის გარშემო, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში ციხე-გოჯის გარშემო ახალი ტურისტული ცენტრი და დედამოკას ხეობის პოტენციალის ათვისება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინწრას ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარება, მაღალმთიან სამეგრელოში დაცული ტერიტორიების განვითარება, ლებარდეს კურორტის აღდგენა/რეაბილიტაცია, ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების განვითარება მენჯის და ცაიშის კურორტების აღდგენა/რეაბილიტაციით, კოლხეთის ეროვნული პარკის/პალიასტომის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/განვითარება.

- კახეთში ყვარელი-თელავის ტურისტული აგლომერაციის განვითარება; არსებული ტურისტული მიმართულებების გაძლიერება, თელავში ტურისტული დანიშნულების აეროპორტის განვითარება.

- მცხეთა-მთიანეთში, უპირველეს ყოვლისა, ქალაქ მცხეთის შემდგომი განვითარება გენგეგმის დამტკიცების საფუძველზე, ასევე სოფელ მუხრანის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების განვითარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ბაზალეთის ტბას და სიონის წყალსაცავს, მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ახალი ტურისტული მიმართულების განვითარება შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მე-19 საუკუნის ჭილაშვილების სასახლის ციხე-დარბაზის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციით და მათი ერთიან კონტექსტში განხილვით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში თრუსოს ხეობას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, კერძოდ, მნიშვნელოვანია რესტავრაცია ჩაუტარდეს ისტორიულ კოშკებს, სოფ. დესის ნასოფლარს და ა.შ.

- გურიაში მაღალი კლასის კურორტების შექმნა ბახმაროს და გომისმთის მიზნობრივი განვითარებით.

- იმერეთში მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია ქალაქ ქუთაისს და მის გარშემო ტურისტულ აგლომერაციას როგორც ისტორიული ძეგლების, ისე თანამედროვე ტურისტული მიმართულებების თვალსაზრისით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტურისტული და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაცია და მისი განვითარება საერთაშორისო ტურისტულ მიმართულებად. დამატებითი უპირატესობა ამ შემთხვევაში აქვს ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს.

- შიდა ქართლში ატენის და რკონის ხეობების ტურისტული პოტენციალის ათვისება, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის და დაცული ტერიტორიის განვითარების თვალსაზრისით. გორის ციხის სრული რეაბილიტაცია/დაბრენდვა და ახალ ტურისტულ ლოკაციად გადაქცევა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოსტეს „მოურავის კოშკის“ აღდგენა. ძამას ხეობის დაკავშირება მიტარბი-ბაკურიანთან. სურამის ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის ფორმირებისა და თავისუფალი ტურისტული ზონის ჩამოყალიბების გზით; სურამის ციხის რეაბილიტაცია.

-აჭარაში ქობულეთი-ბათუმი-გონიოს მრავალფუნქციური ტურისტული აგლომერაციის განვითარება, მაღალმთიანეთში ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა/რეაბილიტაციის გზით“.