მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული თვალსაზრისით ირანი დავკარგეთ - შალვა ალავერდაშვილი

6179621397275
დავით ჯალაღონია
28.10.21 10:00
795
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ირანელი ტურისტების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ალავერდაშვილი BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ორი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ირანიდან ტურისტული ნაკადები შემცირდა და დღეს ამ ფაქტის გამოსწორება, პანდემიური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლებელია.

"ორი წელი გავიდა თითქმის, რაც ირანი ჩაკეტილი გვაქვს, მანამდე საკმაოდ უხეშად გავყარეთ ირანიდან ჩამოსული სტუმრები. რა თქმა უნდა, ამისთვის სხვადასხვა მიზეზია, თუმცა რის გამოც 2017 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანად ითვლება კონკრეტული ბიზნესებისთვის, ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი იყო ირანის ბაზრის შემოსვლა საქართველოში.

ჩვენ 2018 წლიდან ამ ხალხის გაყრა დავიწყეთ და გავყარეთ. ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ტურისტული მიმართულების მხრივ, ეს ქვეყანა დავკარგეთ და 2018 წლის ბოლოს უკვე ტურისტები თითქმის აღარ იყვნენ ირანიდან. ახლა ლაპარაკი გვაქვს ამ ხალხის კონსოლიდირებულად, სპაციალურად აცრისთვის შემოყვანაზე და შემდეგ უკან დაბრუნებაზე. ეს ხალხი სამი კვირით აქ კარანტინში უნდა იყოს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ აპრობირებული თემაა. დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ კუთხით და ძალიან ბევრ სასტუმროს შეუძლია ამის გაკეთება", - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელის აზრით, საქართველოში ირანიდან აცრის მსურველთა ორგანიზებული ჩამოყვანაა შესაძლებელი. როგორც ალავერდაშვილი აცხადებს, სასტუმროების ინდუსტრია მზად არის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველი ვიზიტორები სამი კვირის განმავლობაში დააბინაოს და ამ გზით, ტურისტულად დაბალი აქტივობით გამორჩეული თვეები ფუნქციურად დატვირთოს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ირანიდან საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 282 ათას 549 შეადგინა; 2018 წელს - 291 ათას 070, 2019 წელს - 141 ათას 997 და 2020 წელს - 17 ათას 053.