მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმი 80-85%-ით აღდგება, მაგრამ იგივე ფასებით რაც კოვიდამდე გვქონდა “ - გიორგი დოლიძე

626aa5fbefc3a
თათია ჩაფიჩაძე
01.05.22 18:41
2446
სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტ გიორგი დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი 50-55%-ის ფარგლებშია.

„საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი დოლიძემ აღნიშნა, რომ სასტუმრო ინდუსტრია ტურიზმის აღდგენას 80-85%-ის ფარგლებში ელის, ხოლო სასტუმროებში განთავსების ღირებულება კოვიდამდე არსებულ ნიშნულზე დარჩა.

„ვერ ვიტყვით, რომ თბილისსა და ბათუმში Airbnb-დან აპარტამენტებზე შემოსულ რეზერვაციებს, სასტუმროებიც ფეხდაფეხ მიჰყვება. მცირე, საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებს დაახლოებით 2 კვირიანი პერიოდი ჰქონდათ, როცა ომის გამო, საწყის პერიოდში ბევრი დროებითი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში. მაშინ დატვირთულობა დაახლოებით 70-80%-მდე იყო გაზრდილი.

რაც შეეხება აპარტამენტებს, აქ ფასებიც მომატებულია და რეზერვაციების ნაკადიც არარეალურადაა გაზრდილი. ვინც დროებით ჩამოდის ის ირჩევს სასტუმროს, მაგრამ ვინც გრძელვადიანი მიზნებისთვის მოდის, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ Airbnb-ის მეშვეობით ეძებს ბინებს.

ფასები სასტუმროებთან მიმართებით არც კოვიდის პერიოდში არ დაკლებულა მნიშვნელოვნად, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდ სასტუმროებში ის ფასები გვაქვს, რაც კოვიდამდე იყო. ნებისმიერი სიტუაცია ტურიზმის სტატისტიკაზე აისახება, მორჩა კოვიდი და გვეგონა გავზრდიდით ბიზნესს, მაგრამ დაიწყო ომი და ამან პირდაპირი შედეგი ისევ სასტუმროების დატვირთულობაზე მოიტანა. დღეს სასტუმროებში დატვირთულობა 50-55%-ია. თუ  წინ გავიხედებით, იმედია ომი არ გამწვავდება და ახალი ვირუსები არ წამოგვეწევა, ამ დაშვებით ტურიზმი 80-85%-ით აღდგება, მაგრამ იგივე ფასებით რაც კოვიდამდე გვქონდა", - განმარტა სასტუმროების ბიზნესის კონსულტანტმა. 

მისი შეფასებით, დიდი მნიშნელობა ენიჭება როგორც ტურისტების რაოდენობას, ასევე მათ მხარჯვეუნარიანობას. 

"ერთია რამდენად ბევრი ჩამოვა, მეორეა რამდენად მხარჯველუნარიანი. არ იქნება რუსეთი პირობითად, წამოვიყვანთ საუდის არაბეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, ყახაზეთიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კურორტებისთვის როგორიც არის საირმე, წყალტუბო და ა.შ. რაც შეეხება რეზერვებს, დაძაბულობის გამო ცხადია სიტუაცია იცვლება და ძველი ჯავშნები უქმდება, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, პარტნიორები რისკს ვეღარ იღებენ, წინასწარ თანხის გადახდა აღარავის უნდა. ზედმეტად დინამიური პროცესია და რეზერვების ნაწილში ცვლილებები ხშირია“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში თბილისში Airbnb-ის მოთხოვნამ პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შედეგად მკვეთრად გაიზარდა დატვირთულობაც (81% მედიანური უძრავი ქონებისთვის) და ფასებიც (36 აშშ დოლარი ღამეში საშუალო ქონებისთვის). ასევე წლიურად 14%-ით გაიზარდა იჯარა გრძელვადიანი გაქირავების ბაზარზე.

Airbnb-ზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ბათუმშიც. 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა (2019 წლის მარტის დონის 405%) წინა თვესთან შედარებით, როცა აღდგენა 228% იყო.

სასტუმროებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა არც თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში და არც ბათუმში. ორგანიზაციის შეფასებით, Airbnb-ისა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის ასეთი კონტრასტული განსხვავება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით იხსნება.

კერძოდ, Galt&Taggart-ის თანახმად, მიგრანტები თბილისში/ბათუმში დიდი ხნით დარჩენას აპირებენ. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Airbnb-ის გამქირავებლებთან.