18.ივნისი .2020 18:40

ტურიზმი თუ არ აღდგა, მშპ 10.7%-ით შემცირდება - ISET

views 622
უკან

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის შემოსავლების შესახებ მოამზადა მიმოხილვა. დოკუმენტში განხილულია ტურიზმის აღდგენის რამდენიმე სცენარი, რომლითაც სექტორში მოსალოდნელი დანაკარგები არის მოდელირებული. 

ISET-ის ანგარიშის მიხედვით:


პირველი სცენარი ყველაზე პესიმისტურია. ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში, ტურიზმის სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. ამ სცენარის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წლის მშპ-ის 10.7%-ს დაკარგავს. ამ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 1.5 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება. 

მე-2 და მე-3 სცენარების შემთხვევაში, გასული ვიზიტები ადგილობრივი ვიზიტებით ჩანაცვლდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპის პოპულარულ ტურისტული ადგილების მონახულების ნაცვლად, ქართველები არდადეგებს აჭარის ძვირადღირებულ საზღვაო სასტუმროებსა და თუშეთისა და სვანეთის სამთო კურორტებზე გაატარებენ. მე-3 სცენარით, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან გასული ვიზიტების დროს დახარჯული თანხები მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე გადანაწილდება, მშპ-ის დანაკარგი 9.2% იქნება. ამ შემთხვევაში, წლიურად საქართველო მხოლოდ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება. 

მე-4 და მე-5 სცენარებში უკვე ჩანს „უსაფრთხო“ ქვეყნებისთვის საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგი. ჩვენი დაშვებით, მე-4 სცენარის დადგომის შემთხვევაში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის 25%-ს მიაღწევს, იგივე მაჩვენებელი მე-5 სცენარის შემთხვევაში კი 50% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო, მე-5 სცენარის მიხედვით, მშპ-ის დანაკარგი 6.5% იქნება. ამ შემთხვევაში საქართველო 2.4-3.6 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება.

საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ზუსტი გაიდლაინები, თუ რა პირობების დაცვით შემოვლენ უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში. მთავრობის ინიციატივით, მათ PCR ტესტები უნდა ჩაუტარდეთ. 

მაისში საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად - 95%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 36,015 შეადგინა. ამ ვიზიტების ნახევარზე მეტი ტრანზიტული ტიპის საზღვრის კვეთა იყო და მათი ხანგრძლივობა 24 საათს არ აღემატებოდა. ჯამურად, ტრანზიტების რიცხვი 21,263 იყო, რაც მთლიანი საზღვრის კვეთების 58%-ია. 24 საათზე მეტხანს კი ქვეყანაში მხოლოდ 12,583 ადამიანი დარჩა, რაც წინა წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

ქვეყნები, საიდანაც გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტმა პირმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი:

1. თურქეთი - 16,106 მოქალაქე, კლება წინა წელთან 81%;
2. სომხეთი - 9,541 მოქალაქე, კლება წინა წელთან 93%;
3. რუსეთი - 3,561 მოქალაქე, კლება წინა წელთან 98%;
4. აზერბაიჯანი - 3,512 მოქალაქე, კლება წინა წელთან 97%;
5. უკრაინა - 932 მოქალაქე, კლება წინა წელთან 95%;
6. ბელარუსი - 717 მოქალაქე, კლება წინა წელთან 85%;
7. ევროკავშირის ქვეყნები - 477 მოქალაქე, კლება წინა წელთან 99%.

გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლის სახით მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 97%-ით არის შემცირებული.