მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია თავმჯდომარის გარეშე - „ყველაფერი ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს“

6176772e0161e
თელარა გელანტია
25.10.21 17:49
1624
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, „დღეს ტურიზმის ადმინისტრაციაში ყველაფერი ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს“. ასე უპასუხა ნათია თურნავას მოადგილემ bm.ge-ს კითხვას, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ უკვე ერთი წელია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თავმჯდომარე არ ჰყავს და მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, შემდეგ კი ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა, თავმჯდომარის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

ამ დრომდე უცნობია, ეკონომიკის სამინისტრო ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს რატომ არ აცხადებს. „რატომაა მივიწყებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის საკითხი?“ - ჰკითხა bm.ge-მ ქვრივიშვილს.

„მე არ ვიტყოდი, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მივიწყებულია, ის ძალიან აქტიურად მუშაობს. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს მედეა ჯანიაშვილი. გასაგებია, რომ ის მოვალეობის შემსრულებელი არის, თუმცა მას აქვს ძალიან კარგი ლიდერული თვისებები, არის ძალიან კარგი მენეჯერი, აქვს ძალიან კარგი შეფასება კერძო სექტორისგან... ეკონომიკის სამინისტროდან მე ვკურირებ და შესაბამისად, ერთიანი ძალისხმევით ტურიზმში ძალიან ეფექტიანი გუნდის მიერ ძალიან კარგი სამუშაოები კეთდება. ამდენად არ ვიტყოდი, რომ რამე შენელებულია ან მივიწყებული“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება არ იგეგმება?

- მედეა ჯანიაშვილი ძალიან კარგად ართმევს თავს მოვალეობას...

- გასაგებია, მაგრამ კონკურსი არ გამოცხადდება?

- არ გავასწროთ მოვლენებს. დღეს ყველა უწყებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ეფექტიანი მართვა; უნდა იყოს კარგი შედეგები. ვფიქრობ, დღეს ტურიზმის ადმინისტრაციაში ყველაფერი ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს. შესაბამისად ყველაფერს თავისი დროს აქვს და ყველაფერი ისე იქნება როგორც კერძო სექტორს გაუხარდება.