მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ დაიწყო

5ef9f1cf3da1e
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.20 22:00
1263
შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის მიერ შიდა ტურიზმის განვითარებისთვის წამოწყებული კამპანიის „აღმოაჩინე ის რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ შესახებ საუბრისას.

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

“შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხეს გავუწევთ. შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ სექტორს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი.

დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ.

კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მედია-ტური შიდა ქართლში გაიმართა. შიდა ტურიზის პოპულარიზაციის მიზნით მედია-ტურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება.