საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კარანტინის ზონების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 12.6 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
შესაბამისი ხელშეკრულებები ტურიზმის ადმინისტრაციამ სასტუმროებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გააფორმა.
ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის თანახმად, სასტუმროების დაქირავებაზე იანვარ-სექტემბერში ჯამურად 64.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, ახალი ხარჯების გათვალისწინებით, კარანტინის ზონებზე ჯამურად 76.9 მილიონი ლარი მიიმართა.
"სსიპ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული არეებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის (83 831 მოქალაქე 10 მარტიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით) სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში ამ მიზნით გაფორმებულ იქნა 487 ხელშეკრულება 64.3 მლნ ლარის ფარგლებში", - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა 8-დღემდე შემცირდა. ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2,656 ადამიანი იმყოფება.