მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის აღდგენა პანდემიის შეკავებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული - ირინა კვახაძე

614ddcc76d627
თელარა გელანტია
24.09.21 23:45
1136
“თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსის ირინა კვახაძის განცხადებით, ტურიზმის აღდგენა პირდაპირაა დამოკიდებული პანდემიის მართვასთან როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

ამის შესახებ კვახაძემ bm.ge-ის „თიბისი კაპიტალის“ მაკროსექტორული განახლების ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, სადაც ტურიზმის აღდგენის პროგნოზებიც არის განახლებული.

TBC Capital-ის 1 ივლისის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-თან შედარებით 37.5%-ით აღდგება. 2022 წელს კი საქართველოს ტურიზმის შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებლის 90%-ზე უნდა აღმდგარიყო და ის $2.94 მილიარდი უნდა გამხდარიყო, თუმცა განახლებული პროგნოზით, TBC Capital-მა ტურიზმის აღდგენის მოსალოდნელი მაჩვენებელი შემცირებულია და ის 2019 წელთან შედარებით არა - 10%-ით, არამედ 20%-ით ნაკლები იქნება. შესაბამისად, მომდევნო წელს ქვეყანამ ტურიზმიდან სავარაუდოდ, $2.61 მილიარდი უნდა მიიღოს, რაც 2019 წელთან შედარებით $654 მილიონით ნაკლები იქნება.

„ტურიზმის აღდგენა პირდაპირაა დამოკიდებული პანდემიის მართვასთან როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ამის ძალიან კარგი მაგალითია ივნის-ივლისში ტურიზმის სტატისტიკა - ამ ორ თვეში ყოველთვიური ზრდა იყო გაცილებით ჩქარი; მიუხედავად იმისა, რომ ივლისი და აგვისტო ზაფხულის სეზონის პიკური პერიოდია, წინა წლებში ვიზიტორების საშუალო ყოველთვიური ზრდა 20% იყო, წელს ივნისში გაიზარდა 47%-ით და ივლისში ივნისთან შედარებით ზრდა 57% იყო. აგვისტოშიც ეპიდვითარება რომ არ გაფუჭებულიყო, ზრდა ამ ფარგლებში იქნებოდა.

ცხადია, პანდემიამ ზრდა შეანელა და აგვისტოში ივლისთან შედარებით ზრდის ტემპი მხოლოდ 15%-ია. ამით იმის თქმა მინდა, რომ პანდემიის შეკავებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის აღდგენა. რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები. ცხადია, სურვილი არის, რომ პანდემია იმართოს, ვინაიდან ეს ტურიზმს აღდგენის შანსს აძლევს. Covid-უსაფრთხოება ანუ სასტუმროების თუ კვების ობიექტების covid-უსაფრთხო გარემო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ იმისთვის, რომ ტურისტების დიდი რაოდენობა მოვიზიდოთ, საჭიროა პანდემიას გაუმკლავდეს როგორც საქართველო, ისე ის ქვეყნები, საიდანაც შემოდიან ტურისტები“, - აცხადებს ირინა კვახაძე.