21.დეკემბერი .2019 10:11

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Facebook-ში რეკლამებისთვის ნახევარ მილიონს დახარჯავს

views 388
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში რეკლამებისთვის 2020 წელს ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს.

“აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში და საზღვარ გარეთ ჰყავს დიდი რაოდენობის მომხმარებელი. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლითაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Facebook-თან უტენდეროდ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს.

დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ფეისბუქი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სოციალური პლატფორმა, 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პლატფორმას ყავს 2,45 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად და სხვა ქსელებთან შედარებით ხასიათდება განსაკუთრებული აქტივობით.

“აღნიშნული შესყიდვის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „ფეისბუქი“-ს, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების გარდა აღნიშნული სოციალური ქსელი მოიცავს 307 მილიონ ევროპის მაცხოვრებელს, რომელიც ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.