მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრია რუსეთთან მოკლევადიანი სავიჟო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს

6225b78490c7b
მარიამ ვარადაშვილი
07.03.22 11:22
1258

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრი ორგანიზაციები რუსეთთან მოკლევადიანი სავიჟო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვენ და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ღია მიმართვა გაავრცელეს.


ალიანისის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო მკვეთრად გაიზარდა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რაც სავიჟო რეჟიმის შემოღებით დაუყოვნებლივ უნდა შეიზღუდოს.

BMG საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრი ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხადრაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით გვერდზე უდგავართ ამ მამაც ერს. რუსეთის მიერ წარმოებული ომი მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის სრულიად მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მის სამეზობლოს, რომლის ნაწილიც მას ოკუპირებული აქვს. გარდა უკრაინის ომისა და რუსეთის იზოლაციისა საერთაშორისო ცივილიზებული ერების მიერ, შეიქმნა ახალი გარემოება და ამავე დროს საშიშროება რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის, კერძოდ ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკისგან იზოლაციამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია, რომელიც ცდილობს გაექცეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. 

შესაბამისად საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რამეთუ რუსეთიდან მიგრირებულიძირითადი ნაკადი ჩვენი ქვეყნისკენ მოემართება. სომხეთიდან ფრენის სიხშირე და საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი რუსეთის მხრიდან ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული გამოწვევის წინაშე დააყენებს.

 შესაბამისად, არსებობს საკითხები, რომლებიც დაუყონებლივ მოითხოვს საჯარო და კერძო სექტორის კონსოლიდაციასა და ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბებას. კერძოდ, ალიანსის წევრები ვაცხადებთ, რომ:  

უკრაინაში ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან ცალსახად დასაგმობია, არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სექტორის მხრიდან, და ეს უნდა განხორციელდეს საქმით.  

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, როგორც ერთად, ასევე ცალცალკე ასოციაციების დონეზე ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიაში, ჩვენ ცალსახად უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.  მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს ჩვენი წევრი ასოციაციების ძალებით.  ქართველი ერი მუდმივად იყო და რჩება ტოლერანტი ყველა ეროვნების ხალხის მიმართ, თუმცა არა საკუთარი ანექსიის ხარჯზე.  

იმისა გამო, რომ დაწყებულია მასობრივი მიგრაცია რუსეთიდან არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების, არამედ საქართველოს ოკუპაციის და უკრაინის ომის მიმართ ოფიციალური ხელისუფლების მხარდამჭრი პოზიციის მქონე პირების - მიგვაჩნია, სახელმწიფომ უნდა არეგულიროს საქართველოში მიგრაციის მსურველი რუსეთის მოქალაქეების ნაკადი, კერძოდ დაუყონებლივ უნდა შეზღუდოს უვიზო მიმოსვლა. 

 ამისათვის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მოვითხოვთ მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის შემოღებას, რათა სახელმწიფოს გაუჩნდეს ბერკეტი აკონტროლოს შემომსვლელ პირთა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ამ პირთა მიერ პოტენციური რისკების შეფასება. 

კერძოდ, ინტენსიურად ქართული საბანკო სექტორიდან ვალუტის ამოღება გამოიწვევს ვალუტის დეფიციტს ქვეყანაში.  ისედაც ძლიერი დამოკიდებულება რუსეთიდან არსებულ ექსპორტზე ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.

 მიღებული გადაწყვეტილება დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს (სასტუმროებს, ტუროპერატორებს, გიდებს, სატრანსპორტო კომპანიებს) განსაზღვრონ შემოსული ნაკადების მომსახურების ფაქტორი.  

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სექტორის სრული ინფორმირებულობისა და ბიზნესის ოპერირებისთვის შემდეგი ნაბიჯების სწორად დასაგეგმად აუცილებელია უახლოესი ორი დღის ვადაში გაიმართოს შეხვედრა კერძო /საჯარო დიალოგის ფორმატში. 

მიგვაჩნია, რომ დღეს გადამწყვეტია ყოველი დღე ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შევინარჩუნოთ ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას"-ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

 

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია 

საქართველოს გიდების ასოციაცია 

საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია 

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია 

საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი 

ტურიზმის ინსტიტუტი 

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია 

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია 

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია 

სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია

 ავია კომუნიკატორი 

საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაცია

 გუდაურის ტურიზმის ასოციაცია 

ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი პარსა 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა 

საერთაშორისო ბიზნესის განვითრების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია 

ააიპ ICC 

საქართველო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 

ააიპ თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია ("ფრემა") 

პრო მოტიონ ჯორჯია 

ააიპ ღვინო ბოლნისი 

ააიპ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ცენტრი 

შპს APG საქართველო 

საქართველოს გლემპინგის ასოციაცია 

ა(ა)იპ საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი