22.სექტემბერი .2020 18:16

ტურიზმის ინდუსტრიამ მორიგი აქცია დაგეგმა - ბიზნესს გახარიასთან შეხვედრა სურს

views 295
უკან

„ბრძოლა არსებობისთვის - ტურიზმის გადასარჩენად“ - ამ ლოზუნგით სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით დაზარალებული კერძო სექტორი სახელმწიფო კანცელარიასთან 26 სექტემბერს,18:00 საათზე, მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ აქციის ორგანიზატორი - ტურიზმის სექტორის საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.

როგორც BM.GE-ის აქციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ინდუსტრიის მომიჯნავე დარგებიც შეუერთდებიან.

„დავიწყეთ მზადება 26 სექტემბრის აქციისთვის, რომელსაც შემოუერთდებიან, ასევე, ივენთკომპანიები, ფოტოგრაფები, ავტოიმპორტიორები, სადღესასწაულო ცენტრები, რესტორნები, სასტუმროები და ყველა ის, ვისაც მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში დაგეგმილი აქციის პარალელურად საპროტესტო აქციები ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება.

აქციის ძირითადი მოთხოვნები უცვლელია:

• მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები.
• აღდგეს რეგულარული ფრენები.
• გადაიხედოს დაზარალებული კერძო სექტორის საბანკო ვალდებულებები.

ამ მოთხოვნებით, აქციის ორგანიზატორები უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ალექსანდრე გიორგიძის თქმით, 17 სექტემბერს გამართულ აქციას მთავრობის ადმინისტაციის და მისი მეთაურის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, შესაბამისად, სექტორი აქციებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებს.

„აქციის მიზანია - შევასმინოთ ხელოსუფლებას ჩვენი პრობლემები და უფრო აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი სექტორისთვის შექმნილი, დამღუპველი, რეგულაციების კორექტირების პროცესში და ბოლოს - მოგვცენ მუშაობის საშუალება“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა