მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრიამ საგადასახადო შეღავათისთვის განცხადება უნდა შეავსოს – განმარტება

5e74f49e39bab
BM.GE
20.03.20 20:45
1858
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით, მორიგ განმარტებას აკეთებს. 

მიმართვა ეხება გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტების, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, პირს ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება.

მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მომართა 400-ზე მეტმა გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება (საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ქონებაზე ყადაღის დადება) არ განხორციელდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას.

ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისათვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი.

საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით შექმნილი ელექტრონული განცხადების შესავსებად, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმულები:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10806

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge ან ისარგებლოთ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით - 2 299 299", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.