მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის კუთხით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, არის წინასწარი ჯავშნებიც - მაია მურაჩაშვილი

6245bbc6de291
მარიამ ვარადაშვილი
02.04.22 15:00
1237
„გუდაური ლოფტის“ და „მესტია ინნის“ მმართველს მაია მურაჩაშვილს მიმდინარე წელს, ტურიზმის აღდგენის კუთხით პოზიტიური მოლოდინი აქვს. რაც შეეხება უკრაინიდან ვიზიტორებს, მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების წილი მის სასტუმროებში მცირე იყო.

“ზამთრის სეზონზე სასტუმროებმა, განსაკუთრებით გუდაურში, ძალიან მაღალი დატვირთვით იმუშავეს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯავშნები ჩაიხსნა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში უკრაინაზე ჯავშნების 10-12%-ზე მეტი არ ყოფილა. ეს მაშინვე ჩანაცვლდა სპარსეთის ყურის ქვეყნებითა და ისრაელით. ზოგადად, ისრაელელი ტურისტები გუდაურში წელს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც მეტი იყო.

რაც შეეხება მესტიას, აქ უფრო რთულად იყო საქმე, რადგან ცოტა მისადგომად რთულია, მაგრამ ტურისტები მაინც იყვნენ. შედარებისთვის თუ გუდაურში სასტუმროს დატვირთულობა 90%-მდე იყო, მესტიაში ეს მაჩვენებელი 50%-ს ვერ სცილდება. როგორც ყოველთვის აპრილის დასაწყისი მაისამდე მცირეა მოთხოვნა და ამას ომს ვერ დავაბრალებთ, რადგან პანდემიამდელ პერიოდშიც ასე იყო. აქედან გამომდინარე, აპრილის თვეში ტურისტების მხრივ დიდი მოლოდინი არ გვქონია და არც ჯავშნების გაუქმების შემთხვევებია. ამ პერიოდში მაისი-ივნისის თვის ჯავშნები იწყებოდა ხოლმე, თუმცა ეს პროცესი ახლა შეჩერებულია. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტად უკავშირდება საწვავის ფასის მატებას, რამაც თვითმფრინავის ბილეთი გააძვირა”, - ამბობს მურაჩაშვილი.

მისივე თქმით, ის ისრაელში ტურისტულ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას და წინა წლებთან შედარებით საქართველოთი დაინტერესება გაზრდილია.

“წელს პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მოგზაურობის სურვილი არის, გვაქვს წინასწარი ჯავშნებიც. იმედი მაქვს, რომ ვითარების დასტაბილურების შედეგად და იმედია, ბილეთიც გაიაფდება, მეტი ვიზიტორი გვეყოლება. გვეკითხებიან რა ვითარებაა საქართველოში და მოლოდინი ხომ არ გვაქვს ან შიში რომ ჩვენთანაც ომი დაიწყება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ჩვენთან ვითარება სტაბილურია, ჯავშნები გვაქვს”, - ამბობს ის.