მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის მარკეტინგზე პრობლემების მოგვარების შემდეგ ვიფიქროთ“ - ვატო ასათაშვილი

60b243db085de
ანუკა ჯოხაძე
29.05.21 20:18
595
ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ციფრული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი დაეხმარება. ინფორმაცია ფონდის შექმნის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი სრულად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ადმინისტრირების ქვეშაა. პირველ ეტაპზე ფონდის ჯამური ბიუჯეტი 300 000 ლარია.

კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ დღეს ტურიზმის მარკეტინგულ კამპანიებში თანხების დახარჯვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები სხვა რეალური პრობლემების წინაშე დგანან, რაც მარკეტინგული კამპანიებით ვერ მოგვარდება.

მისი თქმით, „ტურიზმის მარკეტინგზე პრობლემების მოგვარების შემდეგ ვიფიქროთ“.

„ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემებია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მარკეტინგულ კამპანიებზე ფიქრი. რიგი კომპანიები კრიტიკულ ზღვარზე არიან და მათ სჭირდებათ დახმარება. მათთვის უნდა მოხდეს ინდივიდუალური პროგრამების შეთავაზება, რაც შეიძლება იყოს თუნდაც გადასახადების შემსუბუქება ან მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილის უკან დაბრუნება, რაც ბიზნესს გამოაცოცხლებს. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხედვა გვჭირდება; ვგულისხმობ იმ გეგმას, რომელსაც სახელმწიფო დაამტკიცებს და ამის მიხედვით ვიმუშავებთ“, - ამბობს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

ცნობისთვის, ტურიზმის განვითარების ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე კომპანიები უკვე შერჩეულია. საუბარია ტურიზმის სექტორში ჩართულ 50 ბიზნესსუბიექტზე, რომლებიც აღნიშნული პროგრამის საშუალებით სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-ზე და ონლაინსარეკლამო პლატფორმა Google ads-ზე საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობას გაზრდიან.
ინიციატივის ფარგლებში შერჩეული კომპანიები, ფონდისგან იმ რაოდენობის თანხებს მიიღებენ, რასაც მარკეტიგულ აქტივობებში თავად დახარჯავენ. პირობითად თუ ბიზნესსუბიექტი სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსებაში 500 ლარს დახარჯავს, ამდენივეს მას ფონდი დაუმატებს.